ახალი ამბები

მუხთარლის, ჩაბუქის და “ბირჟა მაფიის” საქმე “Amnesty International”-ის ანგარიშში

22 თებერვალი, 2018 • 1333
მუხთარლის, ჩაბუქის და “ბირჟა მაფიის” საქმე “Amnesty International”-ის ანგარიშში

“ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების საქმე, დემურ სტურუას ამბავი, აფგან მუხთარლის გატაცება და სამართლებრივი დავა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შესახებ – ეს და სხვა საკითხები მოხვდა საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესტი ინთერნეიშენალის” ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვას მიმოიხილავს.

“ამნესთი ინთერნეიშენალი” მიიჩნევს, რომ საქართველოში  ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო სამართალდამცავების დაუსჯელობა გრძელდება მაშინ, როცა მთავრობა გვპირდება, მაგრამ არ ასრულებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას.

დაუსჯელობის თავში განხილულია რეპ ჯგუფ “ბირჟა მაფიის” ორი წევრის დაკავება ნარკოტიკების მოხმარების გამო. დაკავებული მუსიკოსები ამბობდნენ, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკი “ჩაუდეს” და შური ასე იძიეს იმ ვიდეოს გამო, სადაც პოლიციელია გაშარჟებული. ასევე განაცხადეს, რომ დაკავებამდე პოლიცია მათ ვიდეოს აღებას სთხოვდა და ემუქრებოდა. “ბირჟა მაფიის” დაკავებას პროტესტი მოჰყვა და ამ პროტესტის შედეგად მუსიკოსები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სამართალდამცველთა დაუსჯელობის მაგალითად ანგარიშში ასევე მოყვანილია დემურ სტურუას საქმე. დემურ სტურუამ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელ დემურ თევზაძის ზეწოლის გამო გააკეთა.

ანგარიშვალდებულების ნაკლებობა

ანგარიშვალდებულების ნაკლებობის ნაწილში საუბარია აზერბაიჯანაელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე, რომელიც თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოში აღმოჩნდა. მუხთარლი აზერბაიჯანის სამართალდამცავებმა დააკავეს და  ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მუხთარლი აცხადებს, რომ იგი ქართულად მოსაუბრე პირებმა თბილისის ცენტრში დააკავეს და გაიტაცეს. მთავრობამ ეს ბრალდება უარყო და გამოძიება დაიწყო, რომლის შედეგები უცნობია.

სასამართლო სისტემის თავში მიმოხილულია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა. მარტში უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “რუსთავი 2” მის ყოფილ მფლობელს დაუბრუნა. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს სამართლებრივ დავაში მთავრობის შესაძლო ჩარევასთან დაკავაშირებით. სტრასბურგის სასამართლომ კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოითხოვა.

ლგბტი ადამიანის უფლებების თავში საუბარია საკონსტიტუციო ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ქორწინება არის ქალსა და კაცს შორის კავშირი და ერთნაირსქესიანთა კავშირი სამართლებრივად არ არის აღიარებული.

ანგარიშშიასევე საუბარია ბათუმის ღამის კლუბში ორი ლგბტი აქტივისტის დაკავების შესახებ. ისინი აცხადებდნენ, რომ პოლიციის მხრიდან ვერბალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებაც. ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. ჩაბუქმა ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, რაზეც უარი უთხრეს.  ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით ადრე უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს. დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

ანგარიში შრომითი უფლებების ქვეთავით სრულდება, სადაც ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში ათეულობით შემთხვევა მოხდა, რომელიც სამუშაო ადგილზე სიკვდილით დასრულდა, განსაკუთრებით, მაღაროელებსა და მშენებლებს შორის. მკაცრი რეგულაციებისა და ეფექტიანი მონიტორინგის არარსებობას სამუშაო პირობებისას მთავრობას რეგულარულად ახსენებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი