დღეს, 21 თებერვალს, თბილისის საკრებულომ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, კახა კალაძის მიერ ოფიციალურად დასახელებული კანდიდატის, ვახტანგ ჯოხაძის ნაცვლად, რუსუდან მირზიკაშვილი დაამტკიცა. თბილისის მერმა ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა ურბანული განვითარების სამსახურის უფროსად 15 თებერვალს წარადგინა. თბილისის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ნადირაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ გუშინ ღამით მათ მიიღეს ინფორმაცია კანდიდატების შესახებ, სადაც ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატად ვახტან ჯოხაძის ნაცვლად რუსუდან მირზიკაშვილი იყო მითითებული.
ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე კანდიდატის ცვლილება ასე ახსნა: “ვინაიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის პოზიცია გარკვეულ შეზღუდვებს მოიცავს და დგება თანამდებობრივი შეუთავსებლობა სხვადასხვა კერძო სექტორში მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ბატონმა ვახტანგმა, ჩვენდა სამწუხაროდ, თავი შეიკავა ამ პოზიციის დაკავებისგან,”-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის საკრებულოს ევროპული საქართველოს წევრის, დავით ჟღენტის თქმით, ვახტანგ ჯოხაძეს გარკვეული შენიშვნები ჰქონდა პანორამა თბილისის პროექტთან დაკავშირებით.
პანორამა თბილისი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებს 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს.