ნეტგაზეთი | ბიბილოვის ზეწოლა რადიო თავისუფლების “ეხო კავკაზას” ოს ჟურნალისტზე ბიბილოვის ზეწოლა რადიო თავისუფლების “ეხო კავკაზას” ოს ჟურნალისტზე – Netgazeti
RU | GE  

ბიბილოვის ზეწოლა რადიო თავისუფლების “ეხო კავკაზას” ოს ჟურნალისტზე

ირინა ქელეხსაევა, ჟურნალისტი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან, რომელიც რადიო თავისუფლების რუსულენოვან პორტალ “ეხო კავკაზასთან” თანამშრომლობს, ცხინვალის ჩინოვნიკებისა და კონკრეტულად დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მხრიდან ზეწოლას განიცდის.

პრობლემა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჟურნალისტს შეუქმნა “ეხო კავკაზაზე” 2017 წლის 16 თებერვალს გამოქვეყნებულმა ბოლო პუბლიკაციამ. სტატიაში მოყოლილი იყო კონფლიქტის შესახებ ანატოლი ბიბილოვსა და რუს ბიზნესმენს, ოსეთში ერთ-ერთ მსხვილ ინვესტორს, თეიმურაზ ბოლოევს შორის. სტატიამ დისკუსია სოციალურ ქსელებშიც გამოიწვია, რომელშიც თავად ანატოლი ბიბილოვიც იყო ჩართული.

ირინა ქელეხსაევა, ამავდროულად, ცხინვალში არსებული რადიო სადგურის “ირ”-ის თანამშრომელია. ოსმა სამართალდამცველებმა რადიოს ოფისში ორდერის წარდგენის გარეშე ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით კი ჟურნალისტს რადიოს ბუღალტერიიდან დაურეკეს და საკუთარი სურვილით სამსახურის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს, რაზეც მან უარით უპასუხა.

როგორც ირინა ქელეხსაევა ამბობს, იმ პირებს შორის, ვინც ჩხრეკას ატარებდა, პრეზიდენტ ბიბილოვის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელიც იყო. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ შეამოწმეს დოკუმენტები, აღადგინეს მის მიერ წაშლილი მასალები და გადაწერეს გარკვეული ფაილები. ჟურნალისტი ამბობს, რომ არ იცის, კონკრეტულად რას ეძებდნენ.

“მე ყველა ხელისუფლების, ყველა პრეზიდენტის დროს მიმუშავია და რა, თქმა უნდა, მათთან პერიოდულად მქონია კონფლიქტი და, როგორც ჟურნალისტს, სულ მაინტერესებდა, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ როგორ იმოქმედებენ ჩემნაირ ჟურნალისტებთან. შემიძლია ვთქვა, რომ უფრო მეტად სულელური და დაუფიქრებელი მოქმდებები არ მინახავს. არცერთ წინ ხელისუფლებას ამდენი არ გაუბედავს”, – ამბობს ქელეხსაევა “ეხო კავკაზასთან” საუბარში.

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ზეწოლის ფაქტი ჟურნალისტებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე პირველი არ არის. 2017 წლის აგვისტოდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ახალგორელ აქტივისტსზე და ნეტგაზეთის ფრილანსერ ჟურნალისტზე თამარ მეარაყიშვილზე, რომელიც ამავე დროს სამხრეთ ოსეთიდან “ეხო კავკაზას” სტატიების ხშირი რესპონდენტია და ადგილობრივ პრობლემებზე ღიად საუბრობს.

ანატოლი ბიბილოვი; photo: tass

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი