ავღანეთში, სამხედრო ბაზაზე ქართველმა სამხედროებმა ეკლესია ააშენეს

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის გერმანულ სამხედრო ბაზა “მარმალზე” მესამე ქვეითი ბრიგადის ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა “წმინდა გობრონის” სახელობის ეკლესია ააშენეს.

როგორც “ნეტგაზეთს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სამხედროებმა ეკლესიის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყეს და 2018 წლის იანვრის დასაწყისში დაასრულეს. აქამდე სამხედრო მოსამსახურეებისთვის გერმანულ ბაზაზე მხოლოდ სალოცავი ოთახი არსებობდა.

“სალოცავის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ასეულის პირადმა შემადგენლობამ და ავღანეთში მყოფმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო კაპელანმა მამა გობრონმა ერთსულოვნად მიიღო. მშენებლობა ორ თვეს გრძელდებოდა. ქართველმა სამხედროებმა ეკლესიის მშენებლობა ბაზის პერსონალისთვის გამოსაჩენ ადგილას, ქართველი სამხედროების ყაზარმის გვერდით მდებარე სივრცეში გადაწყვიტეს. ქართველ ჯარისკაცებს ეკლესიის მოსაწყობად საჭირო დამხმარე მასალები ბაზაზე მყოფმა სხვა ეროვნების სამხედრო მოსამსახურეემაც მიაწოდეს. მშენებლობა და მოპირკეთება კი მთლიანად ქართველმა სამხედროებმა ითავეს” – გვაცნობეს თავდაცვის სამინისტროდან.

მათივე თქმით, ქართველმა ჯარისკაცებმა ეკლესიის ტერიტორიაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი და სამრეკლოც მოაწყეს, ხოლო ეკლესიის ეზოში ხე-მცენარეები დარგეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფს საკუთარი სამხედრო მოძღვარი არ ჰყავს, შესაბამისად, საეკლესიო დღესასწაულებზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის კაპელანი ჩამოდის და იგი აღავლენს წირვა-ლოცვას.

 

ავღანეთში სამხედრო ბაზა “მარმალზე” მესამე ქვეითი ბრიგადის ასეულის სამხედრო სამხედროებმა “წმინდა გობრონის” სახელობის ეკლესია ააშენეს. ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან