ახალი ამბები

დევიდ კილგური: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაბუქი თურქეთს არ გადაეცეს

19 თებერვალი, 2018 • 1594
დევიდ კილგური: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაბუქი თურქეთს არ გადაეცეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას კანადის ფედერალური მთავრობის ყოფილი მინისტრი და უფლებადამცველი დევიდ კილგური აფასებს. მისი თქმით, ჩაბუქს დანაშაული არც საქართველოში და არც თურქეთში ჩაუდენია.

“ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ექსტრადიციის არაერთ შემთხვევაზე მიმუშავია კანადაში. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩაბუქი თავისუფალია, ის პატიმრობაში არც უნდა ყოფილიყო. იმედი მაქვს, რომ ის დაუბრუნდება თავის პროფესიას. როგორც აშშ-სთვის, ისე კანადისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის თურქეთს არ გადაეცეს, რადგან მას არ ჩაუდენია დანაშაული არც აქ და არც თურქეთში”, – ამბობს კანადელი უფლებადამცველი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და ჩაბუქს მხარდაჭერა გამოუცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა ჩაბუქი პოლიტიკური პატიმარი, კილგურმა აღნიშნა, რომ ყველა მის გარშემომყოფს ასეთი შთაბეჭდილება რჩება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ უნდა განუცხადოს თურქეთს, რომ მისი წესებით თამაშს არ აპირებს:

“ამას ფიქრობს ყველა: მისი ოჯახიც და სხვა აქ მყოფებიც. ახლა, როცა ჩაბუქი თავისუფალია, საქართველოს მთავრობამ ერდოღანს უნდა დაუსვას საკითხი, რომ აქ მოქმედებენ კანონით და არ აპირებენ მისი წესებით თამაშს; რომ მსგავსი ქმედებები მას არც აქ და არც სხვა ქვეყნებში გამოუვა”, – აცხადებს კილგური, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 19 თებერვალს, მუსტაფა ემრე ჩაბუქი წინასაექტრადიციო პატიმრობიდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ უარი თქვა დემირელის კოლეჯის მასწავლებლისა და მენეჯერის თურქეთისთვის გადაცემაზე.

როგორც ნეტგააზეთთან საუბარში ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, პროკურატურის შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადიციაზე ძალაში რჩება და ექსტრადიციის დასაშვებობაზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა მიიღოს.

მისი თქმით, სასამართლოს მომდევნო სხდომაზე, რომლის თარიღიც უცნობია, სწორედ ეს საკითხი განიხილება და მხარეები თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ.

“ჩვენ დღესაც  მომზადებული გვქონდა ვრცელი წერილობითი პოზიცია, რომლითაც ვასაბუთებთ, თუ რატომ არის დაუშვებელი ჩაბუქის თურქეთში ექსრტადიცია”, – ამბობს სოსო ბარათაშვილი ნეტგაზეთთან.

მომდევნო სასამართლო სხდომას, სავარაუდოდ, დაესწრება თავად ჩაბუქიც, რომელიც დარბაზში პატიმრებისათვის განკუთვნილ კაბინაში აღარ იჯდება. საინტერესოა, რომ მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება წინასაექსტრადიციო პატიმრობისაგან (რაც წინასწარი პატიმრობის ანალოგია) დღეს თავად პროკურატურამ მოითხოვა, თუმცა აღსანიშნავია ერთი გარემოება – ბარათაშვილის განმარტებით, 24 თებერვალს ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობისათვის განკუთვნილი 9-თვიანი ვადა ისედაც ეწურებოდა და სასამართლოს მისი გათავისუფლება ისედაც მოუწევდა, თუმცა პროკურატურამ დაკავებულ მასწავლებელს რამდენიმედღიანი შეღავათი გაუკეთა.

“მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლება არის ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პედაგოგების, სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპარლამენტარებისა და აშშ-ის კონგრესმენების  ძალისხმევის დამსახურება”, – ამბობს სოსო ბარათაშვილი.

თუ თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტს, რომ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია დასაშვებია, სოსო ბარათაშვილი ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს და პარალელურად მიმართავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ექსტრადიციის პროცესის შეჩერების თხოვნით.

IDFI-ის იურისტი გიორგი ბერაია ამბობს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემამ ჩაბუქის ექსტრადიციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება რომც მიიღოს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ამ პროცესის შეჩერება მაინც შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი