ირაკლი კობახიძე საზმაუს კანონპროექტზე: საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს:

“ჩვენ სიღრმისეული მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს საკითხი არ დადგება თავისუფალ კენჭისყრაზე, რაც ნიშნავს, რომ ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისი იქნება რამდენიმე დეპუტატი, ესენი არიან ის დეპუტატები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარი არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ. ამ დეპუტატებს ექნებათ საშუალება, საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად გამოხატონ პოზიცია”, – თქვა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 19 თებერვალს, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

 კანონპროექტის მიხედვით, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შეძლებს იმაზე მეტი რეკლამის მოზიდვას, რისი უფლებაც ამჟამად აქვს. გარდა ამისა, მას შეეძლება, პროდუქციის 25%-მდე შეიძინოს გარე სტუდიებიდან ისე, რომ მასზე არ გავრცელდეს გამჭვირვალობის ის სტანდარტი, რაც, ზოგადად, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ. პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო.
დოკუმენტს კრიტიკულად აფასებს ტელევიზიებისა და არასამთავრობოების ნაწილი. მათი აზრით, აღნიშნული ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს როგორც სარეკლამო ბაზარზე (საზმაუ, ამ სარეკლამო შემოსავლების გარეშეც, გარანტირებულად ფინანსდება ათეულობით მილიონი ლარით. 2018 წელს მისი ბიუჯეტი 50 მილიონს აჭარბებს), ისე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობაზე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com