ახალი ამბები

თბილისის მერიას სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმის გაზრდა სურს

19 თებერვალი, 2018 • 1525
თბილისის მერიას სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმის გაზრდა სურს

თბილისში მშენებლობაზე დარღვევის აღმოჩენის პირველივე შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილების ნაცვლად  კომპანიას 30 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 19 დეკემბერს განაცხადა.

შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი გასული წლის ზაფხულიდან ამუშავებს, თბილისის მერიის მიერ ინიცირებული შრომის უსაფრთხოების საკითხები დაემატა, რომლის თანახმადაც, მშენებლობაზე დარღვევის შემთხვევაში ფულადი ჯარიმები ამოქმედდება.

კახა კალაძის განმარტებით, დარღვევის გამო შეჩერებულ მშენებლობაზე ინვესტორი ან კომპანია თუ კვლავ განაგრძობს მშენებლობის პროცესს, ჯარიმის რაოდენობა 50 ათასი ლარი იქნება.

“მნიშვნელოვანია ის, რომ უკანონო მშენებლობებზეც, თუ ტერიტორია არის სახელმწიფოს საკუთრება, მუნიციპალიტეტის საკუთრება და მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, ჯარიმა იქნება 25 ათასი ლარი. კერძო საკუთრებაზე -20 ათასი ლარი. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მშენებლობებზე იმ პრობლემის მოგვარებას, რაც უკავშირდება ჩაფხუტების გარეშე მუშაობას, ყოველგვარი დამცავის გარეშე ფასადის მოპირკეთებაზე მუშაობას. [დასაქმებულების] უსაფრთხოდ მუშაობა მშენებლის ინტერესებში უნდა იყოს,”-განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებს პრემიერ-მინისტრისგან და მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან მხარდაჭერა აქვს.

“მე მგონია, რომ ეს ჯარიმები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. არსებობს ასევე მენტალური პრობლემა, რაც იკვეთება სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით და ესეც გადასაწყვეტი გვექნება,”-აცხადებს კახა კალაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით მიმდინარე კვირაში მიიღებს.

შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა ერთი მოსმენით უკვე მიიღო. ახლა კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის ემზადებიან. ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭრა კანონპროექტს.

კანონპროექტის მიხედვით, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც არ შეუქმნიან დასაქმებულებს უსაფრთხო შრომის პირობებს, ფულადი სანქციები დაწესდება. ფულადი ჯარიმები 100–დან 50 000 ლარამდე მერყეობს იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის(არსებითი, არარასებითი, თუ კრიტიკული) დარღვევებს გამოავლენენ. ფულადი ჯარიმები მერყეობს ასევე კომპანიების შემოსავლის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი