ახალი ამბები

ჯანელიძე: დარწმუნებულნი ვართ, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საჭირო არ იქნება

18 თებერვალი, 2018 • 1981
ჯანელიძე: დარწმუნებულნი ვართ, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საჭირო არ იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამჟამად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას სავიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო იზიარებს ევროკავშირის ქვეყნების წუხილს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საჭირო არ იქნება.

რა თქმა უნდა, ჩვენც ვხედავთ იმ ტენდენციებს და ჩვენ ვიზიარებთ იმ წუხილს, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ. მაგრამ სწორედ ამ პარტნიორობით, თანამშრომლობით და იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვდგამთ როგორც საქართველოში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში, დარწმუნებული ვართ, რომ არ დადგება ნამდვილად შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება. შეშფოთება და სტატისტიკა უკავშირდება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდას, რომელიც შესამჩნევია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გარკვეულ ქვეყნებში და ასევე გარკვეულწილად მასთან დაკავშირებულ კრიმინალურ აქტივობებს და სწორედ ამ ორ მიმართულებას ჩვენ ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, თომას დე მეზიემ  განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან ვიზის დამრღვევთა რაოდენობა გაიზრდება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება.

”ასე რომ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება. ჩვენ ჯერ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას არ ვაპირებთ, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურადაა ჩართული. ჩვენც, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ,” – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.

მიუნხენის რიგით54-ე უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და სამ დღე გასტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი