ახალი ამბები

“კუკუშკას” რელსებიდან გადასვლაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

17 თებერვალი, 2018 • 2127
“კუკუშკას” რელსებიდან გადასვლაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის, ე.წ. “კუკუშკას” მოძრაობა აღდგა. რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, რელსებიდან გადასული ვაგონების ლიანდაგზე დაბრუნება დაახლოებით 40 წუთში მოხერხდა.

ბორჯომიდან ბაკურიანისკენ მიმავალი “კუკუშკა” რელსებიდან 17 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში გადავიდა. მატარებელში ამ დროს 20-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრთაგან არავინ დაშავეულა. რკინიგზის დეპარტამენტის ინფორმაციით, მსურველები დანიშნულების ადგილამდე ალტერნატიული ტრანსპორტით მიიყვანეს, ნაწილმა კი მგზავრობა კვლავ “კუკუშკათი” განაგრძო.

“დაახლოებით 40 წუთში მოძრაობა სრულად აღდგა. მგზავრებს სრულად ავუნაზღაურეთ ბილეთის საფასური. ვინც მოისურვა, დანიშნულების ადგილზე გადავიყვანეთ ალტერნატიული ტრანსპორტით. მომხდართან დაკავშრებით შიდა მოკვლევა მიდის და ამის შემდეგ გვეცოდინება მიზეზი”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” რკინიგზის პრესსამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ფოტო: რკინიგზის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი