ახალი ამბები

ვერეს ხეობაში გზის გაყვანისას კომპენსაციის გვიან გაცემით მერიამ 2 მილიონი იზარალა – აუდიტი

16 თებერვალი, 2018 • 1714
ვერეს ხეობაში გზის გაყვანისას კომპენსაციის გვიან გაცემით მერიამ 2 მილიონი იზარალა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, თბილისში, ვერეს ხეობაში, ახალი გზის აშენების დროს ჩამორთმეული ქონების  დაგვიანებული ანაზღაურების შედეგად, მერიამ 2 მილიონი ლარი იზარალა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კომპანია “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტს”, რომლის მიწის ნაკვეთზე 2012 წელს აშენებული გზის ნაწილმა გაიარა, ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ კომპენსაცია 2016 წელს მისცეს.

აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტს“, გზის გაყვანით შესაძლო ზარალი 2012 წელს მიადგა. მერიამ აღნიშნული მიწა 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობის საბაზრო ღირებულების მიხედვით შეაფასა და ზარალიც ამის გათვალსიწინებით აანაზღაურა.

მიწის ფართი, რომელზეც გზამ გაიარა, 2 302 კვ.მ იყო. მიყენებული ზარალის სანაცვლოდ მერიამ 1 კვ.მ-ზე 2016 წელს გადაიხადა 1 136 ლარი. დაზარალებულისთვის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხის ჯამურმა ოდენობამ 2 615 100 ლარი შეადგინა მაშინ, როდესაც ამ ადგილას 1 კვ.მ მიწის საბაზრო ფასი 2012 წელს 223 ლარი იყო.

“თუ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულებად 223 ლარს გავითვალისწინებთ, 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფასი და გასაცემი კომპენსაცია ზარალის მიყენების პერიოდში [2012 წელს] დაახლოებით 513 300 ლარი იქნებოდა. მაშინ, როდესაც პროცესის გაჭიანურების გამო მერიამ ზარალი შეაფასა და აანაზღაურა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთით”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

წინაისტორია

“ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტი“ თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 19 297 კვ.მ მიწის ნაკვეთს 2007 წლიდან ფლობდა.

თბილისის მერიამ ვარაზისხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზიდან მე-9 საავადმყოფოსთან ამომავალი გზა 2012 წელს გაიყვანა. გზის დაახლოებით 97-მეტრიანმა მონაკვეთმა “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე (2 302 კვ.მ) გაიარა.

აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, კომპანია 2014 წლის 4 დეკემბრიდან კომპენსაციას ითხოვდა, მაგრამ ვერ მოხერხდა შეთანხმება მერიასა და კომპანიას შორის. აუდიტმა დოკუმენტური მტკიცებულება ვერ მოიპოვა, თუ რა რაოდენობის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა კომპანია.

2016 წლის 15 აპრილის განკარგულებების საფუძველზე, “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტს” მის საკუთრებაში არსებული 2 302 კვ მ მიწის ფართის სანაცვლოდ მერიამ დელისის ქუჩის მიმდებარედ ორი ნაკვეთი – (1 193 კვ.მ და 5 515 კვ.მ) გადასცა.

გასაცვლელი მიწის ნაკვეთები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა, რომლის მიხედვით, კომპანიის საკუთრებაში არსებული 2 302 კვ.მ მიწის ღირებულებამ 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით 2 615 100 ლარი შეადგინა, ხოლო მერიის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთების ღირებულებამ – 2 980 200 ლარი. ფასთა შორის არსებული სხვაობა – 365 500 ლარი, “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტმა” თბილისის მუნიციპალიტეტს გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი