რატომ არ ჰყავს საქართველოს სპიკერი მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პანელურ დისკუსიებში  საქართველო სპიკერით წარმოდგენილი არაა. კონფერენცია მიუნხენში დღეს, 16 თებერვალ,ს გაიხსნა და 3 დღეს გასტანს.

კონფერენციის პანელური დისკუსიების დღის წესრიგის თანახმად, დღეს კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, პანელზე სახელწოდეით “მოსაზრება უკრაინიდან”. ხვალ კი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია “ქვეყნები ევროპასა და რუსეთს შორის”, სადაც სიტყვით გამოდიან სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, ასევე, მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, რუსეთის ფედერაციის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩევი და ევროკავშირის უმაღლესი კომისარი გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში. დღის წესრიგის თანახმად, საქართველო არცერთ პანელ-დისკუსიაზე სპიკერით წარმოდგენილი არაა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა გაგვერკვია, რა მიზეზით არ მონაწილეობს ქვეყანა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, უწყებაში განგვიცხადეს, რომ მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს აქვს თავისი საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი:

“მათ შორის პირველად ისტორიაში კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეძღვნება სპეციალური ღონისძიება, სადაც მოწვეულია 200-მდე მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის, კონფერენციის მონაწილეები”- აცხადებენ უწყებაში.

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა“, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით იმართება.

“კონფერენციის ისტორიაში პირველად, კონფერენციის თანაორგანიზებით, წელს საქართველოს მიეძღვნება სპეციალური ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისა და პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენას.

ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საქართველო  პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, თავისი მდიდარიკულტურით წარმოჩინდება”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს, იოჰანეს ჰანს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება.  საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე არიან.

კონფერენციის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძეც გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან, მათ შორის, იაპონიის, იტალიის, ნორვეგიის, მოლდოვას, ლიხტენშტეინის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტთან, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილესთან, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველთან, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ასევე საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან. საქართველოს ვიცეპრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად სიტყვით მიმართავს მოწვეულ აუდიტორიას.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს, სადაც განიხილება ევრო-ატლანტიკური ურთიერთობები და ევროპული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალური საკითხები. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ  მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები.

წლევანდელი კონფერენციაში მონაწილეობენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტენ ლაგარდი, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com