ახალი ამბებიკომენტარი

უკანონო მიგრაცია EU-ში გაგრძელდება, თუ არ იქნება წვდომა შრომის კანონიერ სქემებზე – IOM

16 თებერვალი, 2018 • 5520
უკანონო მიგრაცია EU-ში გაგრძელდება, თუ არ იქნება წვდომა შრომის კანონიერ სქემებზე – IOM

“ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ზომა, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს, არის ორმხრივი შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებების შესახებ ევროკავშირის დაინტერესებულ ქვეყნებთან მოლაპარაკებები და ამ ხელშეკრულებების პრაქტიკაში განსახორციელებლად IOM-თან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა”, – ამბობენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (IOM), რომელსაც ნეტგაზეთმა უვიზო რეჟიმის თვალსაზრისით საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ დაუსვა შეკითხვა.

შრომითი მიგრაციის ხელშეკრულება, რომელსაც ორგანიზაცია გულისხმობს, ლეგალურად დასაქმებისთვის შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს, როგორც, მაგალითად, პოლონეთის შემთხვევიში აქვთ საქართველოს მოქალაქეებს.

“უკანონო მიგრაცია ევროპაში გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ წვდომა შრომითი მიგრაციის კანონიერ სქემებზე”, – აცხადებენ ორგანიზაციაში, საიდანაც კითხვებზე პასუხები ნეტგაზეთმა წერილობით მიიღო.

უვიზო მიმოსვლის საკითხი ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა გერმანიის ნორდრაინ-ვესტფალიის რეგიონის მთავრობის განცხადების შემდეგ. ეს რეგიონი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვს.

გერმანიის რეგიონის განცხადების შემდეგ უვიზო მიმოსვლის შეფერხების პრევენციისთვის საქართველოს პრემიერმა საგანგებო თათბირი ჩაატარა და გარკვეული ზომების გამკაცრება დააანონსა. მათ შორის საუბარია რეადმისიის ხარჯის დაკისრებაზე თავად რეადმისირებულ პირებზე; ასევე, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრებაზე. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის დამრღვევ საქართველოს მოქალაქეებს სანქციები დაეკისრებათ.

IOM-ს ვთხოვეთ მთავრობის მიერ დაანონსებული ზომების შეფასება:

“რთული წარმოსადგენია, თუ როგორ მოახერხებს საქართველო, სხვა ქვეყნების კანონების დარღვევის გამო დააკისროს სანქციები საკუთარ მოქალაქეებს. ამ კითხვაზე კომენტარის გაკეთებამდე, უნდა ვიცოდეთ, როგორ და რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით მოხდება ამ სანქციების დაწესება”, – ამბობს IOM იმ ინიციატივის შეფასებისას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა საქართველომ უვიზო რეჟიმის დამრღვევ საკუთარ მოქალაქეებს სანქციები დაუწესოს.

რაც შეეხება იდეას იმის თაობაზე, რომ რეადმისიის ხარჯი შესაძლოა თავად რეადმისირებულ პირებს დაეკისროთ, ორგანიზაცია ამბობს:

“მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ამ კითხვაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდება ეს ინიციატივა პრაქტიკაში და რომელ იურიდიულ ჩარჩოზე დაყრდნობით განხორციელდება ის”.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სახელის და გვარის შეცვლის პროცედურების დარეგულირებას აზრი აქვს:

“იმიტომ, რომ ეს გააადვილებს ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირებას, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემური საკითხია ევროკავშირისთვის, როდესაც ჩნდება ამ პიროვნებების საქართველოში დაბრუნების საჭიროება”.

ორგანიზაციას ასევე ვკითხეთ, რა იქნება ეფექტური გზა იმისათვის, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ შეექმნას და თუ არსებობს მსგავსი გამოცდილება სხვა ქვეყნებთან მიმართებაში (მაგალითად დასავლეთ ბალკანეთში):

“საქართველომ უნდა გაარგძელოს მუშაობა ისე, როგორც ამას ახლა აკეთებს და გააძლიეროს ძალისხმევა საინფორმაციო კამპანიების განხორციელების და საზღვარგარეთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, პოლიციის ატაშეების დანიშვნით ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევები პრობლემას წარმოადგენს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი