ახალი ამბები

“ინფო 9”-ის ახალი მფლობელები

12 სექტემბერი, 2013 •
“ინფო 9”-ის ახალი მფლობელები

კომპანიაში 40%-იან წილს ტელეკომპანია “მე-9 არხის” ყოფილი გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი ფლობს, 30%-იან წილს – მისი და, სააგენტო “ინფო 9”-ის დირექტორი მანანა ელიაშვილი. წილის 20% და 10% “ინფო 9”-ის მენეჯმენტის წარმომადგენლებს – თენგიზ ქირიასა და შალვა ჯოხაძეს ეკუთვნით.

 

საჯარო რეესტრში აღნიშნული კომპანია 11 სექტემბერს დარეგისტრირდა, თუმცა დოკუმენტაციაში არ არის მითითებული კომპანიის საწესდებო კაპიტალის შესახებ მონაცემები.

 

“რაც შეეხება საწესდებო კაპიტალს, ჯერჯერობით არ გვაქვს, ვაპირებთ, რომ ვიშოვოთ ფული ჩვენი შრომით”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მანანა ელიაშვილმა.

 

კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, ამ დროისთვის საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”-ს არ გააჩნია ოფისი და თანამშრომლები ენთუზიაზმზე მუშაობენ:

 

“ვეძებთ ოფისს, უკვე დავრეგისტრირდით, ბეჭედი ავიღეთ, ახლა უკვე საბანკო ანგარიშს გავხსნით იმისთვის, თუკი სარეკლამო შემოსავლები გვექნება და ეჭვი არ მეპარება, რომ გვექნება, ძალიან რეიტინგულები ვართ. თქვენც ხომ არსებობთ “ნეტგაზეთი”, რაღაც გრანტები გაქვთ, ჩვენც ზუსტად, ისევე როგორც თქვენ, ვაპირებთ, რომ ვიარსებოთ. ახლა ვინც მუშაობენ, ეს ადამიანები აბსოლუტურად ენთუზიაზმზე მუშაობენ. იმედი გვაქვს, რომ დავრჩებით, რადგან ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე”, – აცხადებს მანანა ელიაშვილი.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტექნიკა და ის ქონება, რომელიც მათ ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი კომპანიიდან უნდა მიიღონ, ამ კვირის ბოლომდე გადაეცემათ. 

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა 31 აგვისტოს გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ მან და მისმა ოჯახმა გაითვალისწინეს საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9″–ის მენეჯმენტის თხოვნა და თანხმობა განაცხადეს, რომ მათ საკუთრებაში არსებული საინფორმაციო სააგენტოს არამატერიალური ქონება – ბრენდი, სახელი – “ინფო 9”, ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება გადაეცეს “ინფო 9”-ის მენეჯმენტს.

 

შპს “მეცხრე არხი ინფო”, რომლის მესაკუთრეა პრემიერ ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი შპს “მეცხრე არხი”, 2012 წლის 1 მაისიდან ამუშავდა, როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”. სააგენტოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჰყვდა საკუთარი წარმომადგენლობები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ შესაბამისი აპარატურითა და სატრანსპორტო საშუალებებით. თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სააგენტოდან თანამშრომლების დიდი ნაწილი გაუშვეს. 


“ინფო9“–ის თანამშრომლებმა შეძლეს ჩემი ერთ–ერთი მთავარი იდეის განხორციელება – ტელეკამერებით წინ აღდგომოდნენ ნაციონალური მოძრაობის ზონდერბრიგადებს. ჩვენ არ დავზოგეთ სახსრები, ავიყვანეთ ძალიან ბევრი ჟურნალისტი და თითოეულ ზონდერს თითო კამერა დავუპირისპირეთ. ,,ინფო 9“–ის ჟურნალისტები ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ქუჩებში კამერით აღბეჭდავდნენ იმ უმსგავსობას, რომელსაც ზონდერბრიგადები სჩადიოდნენ. საზოგადოების ინფორმირებულობისათვის, თითოეული კადრის მოპოვებისათვის ისინი არ ერიდებოდნენ განსაცდელს და სრულიად უნიკალურ კადრებს აწვდიდნენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს, მათ შორის, უცხოურ მედიასაც,” – ასე შეაფასა პრემიერმა ივანიშვილმა სააგენტო “ინფო 9”-ის მუშაობა, რომლის გაყიდვასაც, როგორც პრემიერი ამბობს, მისი ოჯახი არჩევნების შემდეგ აპირებდა, “მეცხრე არხის” მსგავსად.


“მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც ამუშავებდა ამ მედიასაშულებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 19 აგვისტოს, როდესაც გამოაცხადა მისი ოჯახის გადაწყვეტილება “მე–9 არხისა“ და “ინფო 9“–ის დახურვასთან დაკავშირებით.


თუმცა მოგვიანებით პრემიერმა ახალი განცხადება გაავრცელა, რომლითაც საზოგადოებას აცნობა იმის თაობაზე, რომ “ინფო 9”-ის არამატერიალურ ქონებასა და ტექნიკის ნაწილს ამავე სააგენტო მენეჯმენტს გადასცემდა:


“რაც შეეხება სააგენტოსთვის აპარატურის მცირე ნაწილის განვადებით და გამოსყიდვის უფლებით გადაცემას, როგორც ამას მენეჯმენტი ითხოვს, ჩვენ გადავწყვიტეთ ვაჩუქოთ ის აპარატურა, რომელიც პირველ ეტაპზე საჭიროა სააგენტოს ფუნქციონირებისთვის,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 31 აგვისტოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი