ახალი ამბები

საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელების დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15 თებერვალი, 2018 • 1816
საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელების დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადების ბრალდებით ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცა.

საქმე ეხება ჯანმრთელობისთვის საშიშ სუნელს, რომლის დასამზადებლადაც, უწყების ინფორმაციით, ბრალდებული მცენარეებსა და საღებავებს იყენებდა, მათ შორის, არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს “სუდან 1-ს”, რომელიც მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.

საქმეზე   მიმდინარეობს  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება-გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება. რისკის მართვის დროებითი ზომების მოქმედების ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით.

ახალი წესების თანახმად:

  • იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია;
  • ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა;
  • ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მიკვლევადობას და ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი