ახალი ამბები

ყველაზე ღია და დახურული დაწესებულებები

12 სექტემბერი, 2013 • 1158
ყველაზე ღია და დახურული დაწესებულებები


“ეს ნორმალურია, რომ ვიღაცას ზუსტად აქვს შესრულებული ინსტრუქცია და ვიღაცას – ნაკლებად,” – ასე გამოეხმაურა კვლევის შედეგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, – “გამჭვირვალობის პრობლემა არც კანცელარიაში არსებობს და არც შსს-ში. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ყველაფერი ნორმაშია, ელემენტარულად შეიძლება ვიღაცამ ეს ინსტრუქცია უკეთესად დაიცვა, თორემ გამჭვირვალობის პრობლემა ჩვენს მთავრობაში დღეს არ არის.”

 

IDFI-ის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. კვლევა მოიცავს 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდს. ამ პერიოდში სულ გაიგზავნა 5 625 განაცხადი საჯარო დაწესებულებებში, აქედან უპასუხოდ დარჩა 576, სრულყოფილად პასუხი გაეცა 3 830-ს, არასრულყფილი პასუხი გაეცმა 349-ს.

 

“ჩვენი მონაცემებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემა გაუჯობესდა, არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51%-იანი ნიშნული 81%-მდე გაიზარდა. ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 30-დან 11%-მდე შემცირდა”, – აცხადებს ლევან ავალიშვილი.

 

2012-13 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომის უზრუნველყოფისთვის ჯილდოები გადაეცათ: – გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის სამინისტროებს, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატებს რეინტეგრაციის და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში, აჭარის ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს.

 

2012-13 წლებში ყველაზე დახურული დაწესებულებისთვის სერთიფიკატი გადაეცა სემეკს, ხოლო საჯარო ინფორმაციის შეზღუდვისთვის – ბოლნისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და თსუ-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი