შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფიტსი და ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ედუარდ მარტინი ფონდის მიერ დაფინანსებული პორექტების მიმდინარეობას გაეცნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მარკ გრიფიტსმა გააკეთა:
“ხელისუფლებასთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს. ცოტა შენელებული იყო პროცესები წლის დასაწყისში. გასაგებია, ეს რატომაც ხდებოდა. ჩვენ უფრო კარგად უნდა ვიმუშაოთ ნოემბერში. უფრო ღრმა და დეტალური სამუშაო უნდა განვახორციელოთ ხელისუფლებასთან ერთად. აქტიურად ვთანამშრომლობთ ხელისუფლების შტოებთან –ეროვნულ ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან. საქართველო კარგი ქვეყანაა და დიდი მოლოდინი გვაქვს. თქვენ გაქვთ პერსპექტივა ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის, რაც მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური ზრდისთვის.”
მარკ გრიფიტსმა არ უპასუხა მედიის კითხვას, თუ რამდენი პროცენტით გაიზრდება 2013 წლის ბოლის საქართველოს ეკონომიკა. მისი თქმით, ხელისუფლება და ფონდი აქტიურად მუშაობს, რომ შედეგები პოზიტიური იყოს.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ მისი შეხვედრები სავალუტო ფონდთან პრაქტიკულად რეგულარულ ხასიათს ატარებს: ” დღეს ორი მისია იყო. მათ ინტერესს წარმოადგენდა საპარტნიორო ფონდის პორტფელში არსებული პროექტების მდგომარეობა. როგორია მათი განვითარება, რა ეტაპზეა. როგორ ვითარდება ფონდი. ყველა ჩვენი პროექტი არის გაუმჯობესებული და წარმატებული. მათ ინტერესს წარმოადგენს მომავალი სუვერენული ფონდი.”
კოვზანაძის განცხადებით, მომავალ სუვერენულ ფონდზე მუშაობა სრულდება:”ამ საკითხზე შექმნილია სახელმწიფო სამუშაო ჯგუფი. ასევე აყვანილი გვყავს და ჩვენთან ერთად მუშაობს საერთაშორისო გამოცდილების მქონე იურიდიული კომპანია. ეს პროექტი პრაქტიკულად დასრულდა. მათ აინტერესებდათ, რა მდგომარეობა არის სუვერენული ფონდის კანონზე. საკმაოდ ამომაწურავი პასუხები მიიღეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორ–სამ თვეში კანონი მიღებული იქნება პარლამენტში და საპარტნიორო ფონდის გარდაქმნა მოხდება სუვერენულ ფონდად.”
