მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცები, პატარა სათესლე ჯირკვლებით, უფრო ხშირად იღებენ პასუხისმგებლობას ბავშვის ბანაობაზე, ექიმთან ვიზიტზე, ღამით მათ მოვლაზე, ვიდრე ის მამაკაცები, რომლებსაც დიდი სათესლე ჯირკვლები აქვთ.
იგივე დადასტურდა ტვინის სკანირებითაც, რომლის მიხედვით, მამაკაცები, შედარებით პატარა სათესლე ჯირკვლებით, უფრო მძაფრად რეაგირებდნენ თავიანთი შვილების ფოტოებზე, ვიდრე მამაკაცები, რომლებსაც დიდი სათესლე ჯირკვლები აქვთ.
ემორის უნივერსიტეტის ჯგუფმა 70 წყვილი გამოკითხა, რომელთა ბავშვებიც 1–2 წლისაა. მთავარი შეკითხვა ეხებოდა, იმას, თუ როგორ ინაწილებენ წყვილები მშობლის ფუნქციებს. პასუხები რანჟირებული იყო 1–დან 5–მდე. პასუხი 1 ნიშნავდა, რომ დედაა ძირითადად პასუხისმგებელი ბავშვის მოვლაზე, პასუხი 5 ნიშნავდა, რომ ძირითად პასუხისმგებლობას მამა იღებს.
კითხვარის შევსების შემდეგ, მეცნიერებმა მამაკაცის სათესლე ჯირკვლები გაზომეს. სათესლე ჯირკვლების ზომა 18 კუბური სანტიმეტრიდან 60 კუბურ სანტიმეტრამდე მერყეობს. ტიპური სათესლე ჯირკვლების წყვილის ზომა 38 კუბური სანტიმეტრია.
ემორის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა ჯენიფერ მასკარომ აღმოაჩინა ტენდენცია, რომ რაც უფრო იზრდება ბავშვზე ზრუნვის ქულა, მით უფრო იკლებს სათესლე ჯირკვლის ზომა.
მეცნიერებმა ტვინის სკანირებით ასევე შეამოწმეს მამაკაცის რეაქცია, ბავშვის ფოტოსურათის ნახვისას. ცდის ობიექტებს აჩვენებდნენ მათთვის უცნობი ბავშვების ფოტოებს და ასევე მათი საკუთარი შვილების ფოტოებს. სკანირებამ აჩვენა, რომ მამაკაცებს პატარა სათესლე ჯირკვლებით, ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც პასუხისმგებელია ზრუნვაზე, მეტი აქტიურობა უფიქსირდებოდათ საკუთარი შვილების ფოტოს ნახვისას.
სათესლე ჯირკვლის ზომა არ შეიძლება იყოს ერთადერთი ფაქტორი, რომელიც კავშირშია მამაკაცის უნართან იზრუნოს ბავშვზე. მასკაროს განცხადებით, სათესლე ჯირკვლების ზომა ზრუნვის ქულის მხოლოდ მეხუთედს განსაზღვრავს. კვლევის შედეგების დეტალები მეცნიერების ეროვნულმა აკადემიამ გამოქვეყნა.
“მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კვლევის შედეგები ასახავს მხოლოდ კორელაციას და არ ხსნის მიზეზებს”,– აცხადებს კარლს სლოუსბერი, ლინკოლნის უნივერსიტეტის ლექტორი: “შედეგები გვაძლევს მნიშვნელოვან ბაზას მომავალი კვლევებისთვის”.
მიჩიგანის და იელის უნივერსიტეტის წარმომადგენლის და ბავშვთა ფსიქიატრის ჯეიმს სვენის განცხადებით კი, მეცნიერები ჯერ კიდევ შორს არიან მამობის ბიოლოგიური საფუძვლები ახსნან:
“ასეთი მიღწევები მოითხოვს მეტი კავშირის დადგენას ბავშვზე ზრუნვის ფსიქოლოგიურ ასპექტებთან”, – აცხადებს ის.
