ახალი ამბები

ისრაელის პოლიციამ პროკურატურას ნეთანიაჰუსთვის ბრალის წაყენების რეკომენდაციით მიმართა

13 თებერვალი, 2018 •
ისრაელის პოლიციამ პროკურატურას ნეთანიაჰუსთვის ბრალის წაყენების რეკომენდაციით მიმართა

ისრაელის პოლიციამ ქვეყნის პროკურატურას რეკომენდაციით მიმართა, ბრალი წაუყენონ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. როგორც ისრაელის გამოცემა Jerusalem Post ქვეყანაში მოქმედ ორ ტელეკომპანიაზე დაყრდნობით წერს,  სამართალდამცავი უწყება აცხადებს, რომ 14-თვიანი გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს ნეთანიაჰუს კავშირს მექრთამეობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან.

გამოცემის ცნობით, საუბარია ორ საქმეზე. პირველ შემთხვევაში, ნეთანიაჰუ სთხოვდა გაზეთ “Yediot Aharonot”-ის რედაქტორს, კონკრეტული სარგებლის სანაცვლოდ მისი პოლიტიკა დადებითად გაეშუქებინა. მეორე საქმე კი მხარდამჭერების მიერ ნეთანიაჰუსთვის ნაჩუქარ ძვირადღირებულ ნივთებს ეხება: პოლიციის ცნობით, 2009 წლიდან დღემდე, პრემიერმა 100 000 აშშ დოლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო.

ნეთანიაჰუ ფაქტს სატელევიზიო მიმართვით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნა, რომ “აგრძელებს ისრაელის მართვას პასუხისმგებლობით და ერთგულად”.

აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუ პოლიციამ გასულ თვეში დაკითხა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მან აღნიშნა, რომ “მეგობრებისგან საჩუქრების მიღება არალეგალური არ არის” და “არაფერი მოხდება, რადგან არც არაფერი მომხდარა”, – წერს Jerusalem Post.

პოლიციის რეკომენდაცია ისრაელის მთავარმა პროკურორმა უნდა განიხილოს. მან  მტკიცებულებებს უნდა გადახედოს და დაადგინოს, რამდენად იძლევა არსებული მტკიცებეულებები პრემიერისთვის ბრალის წაყენების საფუძველს.

მიუხედავად ბრალდებებისა,კანონი არ ავალდებულებს ისრაელის პრემიერს გადადგომას. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის მეთაურს თანამდებობის დატოვება მაშინ ევალება, თუ ბრალდებები სასამართლოს განაჩენით დადასტურდება.

68 წლის ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტს მესამე ვადით იკავებს. აღნიშნული პოზიცია მას 1996-1999 წლებში ეკავა, რის შემდეგაც ოფისს 2009 წელს დაუბრუნდა. 2013 წლის შემდეგ კი, როცა უმრავლესობა ისრაელის ქნესეთში(საკანონმდებლო ორგანოში) მემარჯვენე პარტიებმა მოიპოვეს,  ქვეყნის მთავრობას კიდევ ერთხელ ჩაუდგა სათავეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი