თეიმურაზ ბასილაძე ბათუმის მერიის კახაბრის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია. ის ამ თანამდებობაზე დაახლოებით ერთი თვის წინ დანიშნეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თეიმურაზ ბასილაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და “ზონის კოორდინატორი” იყო. მისივე თქმით, ის ახლაც “ქართული ოცნების” ბათუმის ორგანიზაციის ბიუროს წევრია. “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბრისას მან განმარტა, რომ ახლა მისი საქმიანობა პარტიას არ უკავშირდება:
“ჩვენ ვართ დამაკავშირებელი რგოლი მთავრობასა და ხალხს შორის. მე ამ წუთას საჯარო მოხელე ვარ და პოლიტიკურ საქმიანობას არ ვეწევი”.
ბათუმის მერია მთლიანობაში 13 ტერიტორიულ ორგანოს აერთიანებს. მას შემდეგ, რაც ყოფილმა რწმუნებულებმა თანამდებობიდან წასვლის სურვილი გამოთქვეს, ცამეტიდან თორმეტი ვაკანტური ადგილი “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა დაიკავეს.
ძველი ბათუმის უბანში -ანზორ დუმბაძე, რუსთაველის უბანში – მამუკა ცხვარაძე, ბაგრატიონის უბანში – იოსებ შერვაშიძე, აღმაშენებლის უბანში – ოთარ გურგენიძე, ჯავახიშვილის უბანში – თენგიზ ართილაყვა, ხიმშიაშვილის უბანში – ვაჟა რამიშვილი, ბონი-გარადოკის უბანში – ოლეგ არველაძე, კახაბრის უბანში – თეიმურაზ ბასილაძე, ბათუმის სამრეწველო უბანში – ანზორ ფასანაძე, გონიო-კვარიათის უბანში – ედიშერ შავაძე, მწვანე კონცხის უბანში კი სულეიმან ჯაბნიძე დაინიშნა. ცვლილება მხოლოდ აეროპორტის უბნის რწმუნებულს რომან დუმბაძეს არ შეეხო, მან თანამდებობა შეინარჩუნა.
ვიცე-მერი ზურაბ პატარაია, რომელსაც თანამდებობაზე მოსვლის დღიდან ტარიტორიული ორგანოები ჩააბარეს, ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავად არ მიუღია და “ეს მერის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრების შეთანხმების შედეგი იყო.”
ბათუმის მერის თქმით კი, ახალ რწმუნებულებს რეკომენდაცია ზურაბ პატარაიამ გაუწია:
“თორმეტიდან ექვსს მეც ვიცნობდი, მათ პარტიულ კუთვნილებას უპირატესობას არ ვანიჭებ, რადგან მივიჩნევ, რომ მიუხედავად პარტიისა, რელიგიისა და ასე შემდეგ, ადამიანები უნდა დასაქმდნენ. იმის შესახებ, რომ ისინი ქართული ოცნების კოორდინატორები იყვნენ, არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ისინი საჯარო მოხელეები არიან და პარტიული კუთხით ვეღარ იმუშავებენ. ჩვენ ყველა დროებით ავიყვანეთ, დაახლოებით ნოემბერში ყველა კონკურსს გაივლის”, – უთხრა ჯემალ ანანიძემ “ბათუმელებს”.
ვიცე-მერის ზურაბ პატარაიას განმარტებით, მთავარი, რის გამოც ეს ადამიანები შეარჩიეს, მათი პროფესიონალიზმი, ავტორიტეტი და “არა პარტიული კუთვნილება” იყო.
ყოფილი რწმუნებულები კი, რომლებმაც თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნის შესახებ განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით დაწერეს, გადაწყვეტილების მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლას ასახელებენ. მათგან უმეტესობა ისევ მერიის სამსახურში მუშაობს.
“ვერ ასრულებდნენ მოვალეობას და მონაცვლეობა გავაკეთეთ”, – ამბობს ჯემალ ანანიძე.
ხიმშიაშვილის უბნის რწმუნებული გოჩა კირკიტაძე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში დაასაქმეს. ჯავახიშვილის უბნის ყოფილი რწმუნებული ჯემალ დევაძე კი ტერიტორიულ ორგანოში მთავარ სპეციალისტად აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება მის ჩამოქვეითებას, ის ამბობს, რომ “მსგავსი რამ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ჩვეულებრივი ამბავია და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა”. მერიის სამსახურებში გადანაწილდნენ სხვებიც.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე საკრებულოს სხდომაზე ამტკიცებდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებად “ქართული ოცნების” კოორდინატორებად მიზანმიმართულად დაინიშნენ – “მათ არჩევნებზე ექნებათ სამუშაო”.
ზურაბ პატარაია კი ამბობს, რომ ეს პირები ჯერჯერობით მოვალეობის შემსრულებლები არიან. კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის სასარგებლოდ საარჩევნო საქმიანობას კი მათ კანონი უკრძალავს და მსგავსი ქმედების შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის ბიუროს ყოფილი უფროსი ზურაბ პატარაია ვიცე-მერად თავად ჯემალ ანანიძემ მას შემდედ დანიშნა, რაც მას საკრებულოს ახალმა უმრავლესობამ მერის თანამდებობაზე მეორე შანსი მისცა.
ბათუმის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” უმცირესობაში გადასვლისა და ახალი გადანაწილების შემდეგ, რასაც გიორგი კირთაძის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება და “რესპუბლიკელი” ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევა მოჰყვა, ბათუმის მერის შეცვლაზე და მის ნაცვლად ზურაბ პატარაიას დანიშვნაზე ოფიციალურად საუბრობდნენ. მის კანდიდატურას მხარს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი უჭერდა. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ჯემალ ანანიძის განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე საკრებულომ არ დააკმაყოფილა, თანამდებობები მხოლოდ მოადგილეებმა დატოვეს, რის შემდეგაც მერობის კანდიდატად დასახელებული ზურაბ პატარაია ვიცე-მერი გახდა. არაოფიციალური ინფორმაციით ბათუმის საკრებულოსა და მერიაში გარიგება შედგა, საკრებულომ ჯემალ ანანიძე თანამდებობაზე დატოვა, სანაცვლოდ კი ზურაბ პატარაიამ მერიის საკადრო პოლიტიკა ჩაიბარა. თანამდებობაზე მოსვლიდან უახლოეს დღეებში კი მან “ქართული ოცნების” კოორდინატორების დასაქმება შეძლო.







