ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს შსს-ში ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს

12 თებერვალი, 2018 • 2699
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს შსს-ში ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს.  შსს-ს ინფორმაციით, ლონდა თოლორაია წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

2013 -2016 წლებში იკავებდა ანალიტიკური სამმართველოს უფროსის პოზიციას. 2010 წლიდან კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის, განრიდება-მედიაციის პროგრამას საქართველოს პროკურატურაში.

“მისი უშუალო ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით საქართველოს პროკურატურაში დაინერგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადება. ლონდა თოლორაიას ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფები. მონაწილეობას იღებდა დაკავებისა და პატიმრობის საკითხებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით პროკურორთა გადამზადებაში. კოორდინირებას უწევდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურს და მათ საქმიანობას”,- ნათქვამიას შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კი მაკა ფერაძე დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

უწყების ცნობით, იგი წლების განმავლობაში, ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2016 წელს ის ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტს – ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მაკა ფერაძე 2014 წლიდან სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციის მონიტორინგის კომიტეტის (Lanzarote Committee) წევრია. ასევე, 2014 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრი და სამდივნოს უფროსი.

ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობას, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებას შსს-ში სწორედ ეს დეპარტამენტი გაუწევს მონიტორინგს. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას 12 იანვრის ბრძანებით შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ასევე შეამოწმებს, თუ როგორ მიმდინარეობს ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ეყოლება ათი თანამშრომელი, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან. კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს გასაუბრებები. შსს-ს ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი თებერვლის ბოლომდე სრულად დაკომპლექტდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი