ახალი ამბები

პოროშენკოს კავშირი 500-მილიონიან გარიგებასთან, სადაც ფულის გათეთრების ნიშნებია

9 თებერვალი, 2018 • 1681
პოროშენკოს კავშირი 500-მილიონიან გარიგებასთან, სადაც ფულის გათეთრების ნიშნებია

“ალ ჯაზირას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეკონომიკური მრჩეველი ბორის ლოჟკინი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ტელარხის ჟურნალისტებმა იმ ათობით მილიონი დოლარის მოგებაზე ჰკითხეს, რომელიც,  “ალჯაზირას” ინფორმაციით, უკანონო წარმომავლობის არის.

“ალ ჯაზირას” ცნობით, გარიგება უკრაინის ყველაზე დიდი მედიაჰოლდინგის გაყიდვას უკავშირდება, რომელიც 2013 წელს შედგა. მიუხედავად მრავალგზის უარყოფისა, “ალ ჯაზირამ” მოიპოვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პოროშენკოს ჯერ კიდევ გარიგების დღეს ჰქონდა წილები ჰოლდინგში. მისი ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი კი თავად იყო კომპანიის დამაარსებელი.

“გაერთიანებული მედიაჰოლდინგი” გარიგებით იყიდა უკრაინელმა ოლიგარქმა სერგეი კურჩენკომ. 28 წლის სერგეი კურჩენკო გაზისა და ნავთობის მანგნატია. ის იანუკოვიჩის მთავრობაში კორუფციული სქემების ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებოდა. მის დაკავებასა და ასეული მილიონი დოლარის კონფესკაციაზე უკრაინაში ორდერია გამოცემული. გასული წლის დეკემბერში კიევის სასამართლომ “გაერთიანებული მედიაჰოლდინგის” აქტივების კონფისკაცია მოახდინა. პროკურორის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტაციით, 160 მილიონი დოლარის მოცულობის გარიგება ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა.

გარიგების დეტალებს ავსტრიელი გამომომძიებლებიც იძიებენ. კერძოდ, საუბარი იყო 130 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციაზე, რომელიც 500-მილიონიანი გარიგების ნაწილი იყო. ავსტრიელ გამომძიებლებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ხდებოდა ფულის გათეთრება. თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის გამო, გამოძიება შეჩერდა. “ალ ჯაზირა” წერს, რომ ამის მიზეზი მეტწილად გახდა უკრაინელი სამართალდამცავების მიერ ავსტრიისთვის ინფორმაციის არმიწოდება. 

მიუხედავად ამისა, “ალ ჯაზირამ” მოახერხა დოკუმენტების მოპოვება, რომელიც გარიგების არაკანონიერებაზე მიანიშნებს.

“ოლიგარქები” – ამ სახელწოდებით გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ტელეარხმა ახალი დეტალები გაარკვია “გაერთიანებული მედიაჰოლდინგის” გაყიდვაზე. ის შეიცავს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს 160-მილიონიანი კრედიტის არსებობას, რაც კრუჩენკომ “გაერთიანებული მედიაჰოლდინგის” შესაძენად აიღო.

“ალ ჯაზირას” ინფორმაციით, კრუჩენკომ ამ სესხის უზრუნველსაყოფად 50 მილიონი ჩადო. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დოკუმენტაცია მოიპოვეს, რომელიც ადასტურებს, რომ თანხამ კვიპროსში არსებული კომპანიებით გაატარეს. ეს კომპანიები კი ფულის გათეთრებაში არიან შემჩნეულნი. “ალ ჯაზირას” განცხადებით, ეს იმას ნიშნავს,  რომ დაახლოებით მესამედი თანხისა, რომელიც ლოჟკინმა და მისმა პარტნიორებმა გარიგებით მიიღეს, არაკანონიერი წარმომავლობისაა.

პოროშენკო ყოველთვის ამტკიცებდა, რომ გარიგებამდე რამდენიმე თვით ადრე საკუთარი 3-პროცენტიანი აქტივები გაყიდა, თუმცა “ალ ჯაზირას” მიერ შესწავლილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ გაყიდვის დღეს პოროშენკო კვლავ ფლობდა ჰოლდინგის წილებს ვირჯინიის კუნძულზებზე რეგისტრიერებული კომპანიის საშუალებით. გამომძიებელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ პოროშენკომ საკუთარი ინვესტიცია აღნიშნული გარიგებით გაასამმაგა და 15 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

რაც შეეხება ლოჟკინს, მას ცენტრალური ადგილი ეკავა პოროშენკოს ადმინისტრაციაში, ის იყო პოროშენკოს შტაბის ხელმძღვანელი 2016 წლამდე და ასევე ხელმძღვანელობდა ეროვნულ ინვესტირების საბჭოს. როგორც “ალ ჯაზირა” წერს, მისი კავშირი გარიგებასთან პოლიტიკურ დაძაბულობას მაშინ წარმოშობს ხოლმე, როცა პოროშენკო ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ კორუფციასთან ბრძოლას სერიოზულად ეკიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი