ახალი ამბები

შსს-მ სამი ტრანსგენდერი ქალის ცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა

6 თებერვალი, 2018 •
შსს-მ სამი ტრანსგენდერი ქალის ცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ტრანსგენდერი ქალების ცემის ფაქტზე, რომელიც 3 თებერვალს თბილისში მოხდა, ორი ბრალდებული დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) არის ჩადენილი:

“დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

3 თებერვალს თბილისში სამ ტრანსგენდერ ქალს სცემეს. როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ჯერ ის, მოგვიანებით კი მის დასახმარებლად მისული ორი მეგობარიც მასთან ერთად სცემეს. ტრანსგენდერი ქალის თქმით, მას და მის მეგობრებს ორი უცნობი კაცი დაესხა თავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი