ახალი ამბები

სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულთა პრეტენზიები და ადმინისტრაციის პასუხი

6 თებერვალი, 2018 • 2984
სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულთა პრეტენზიები და ადმინისტრაციის პასუხი

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქსა და სინოდს ღია წერილით მიმართავენ. ყოფილი სტუდენტები დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ადგილზე “უმძიმესი მდგომარეობაა”.

წერილის ავტორთა თქმით, 2004 წელს სემინარიაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, არსებული პრობლემები სააშკარაოზე პერიოდულად გამოდიოდა, თუმაც ამაოდ. მათივე თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით გიორგი ზვიადაძის რექტორად დანიშვნამ გაართულა.

სტუდენტებისა და ლექტორების უფლებების დარღვევა, ადმინისტრაციის მიერ თანხების ფლანგვა, მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა სემინარიის შენობასა და საერთო საცხოვრებელში… –  ყოფილი სტუდენტები გიორგი ზვიადაძეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ და პატრიარქსა და სინოდს იმ პრობლემების შესახებ უყვებიან, რომელთაც აკადემიასა და სემინარიაში სწავლის პერიოდში აწყდებოდნენ.

“1. სტუდენტთა დაშინება, რაც ნაცვლად ქრისტიანულისა მათში მონური ფსიქიკის ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნის;

2. სტუდენტთა ფიზიკური და მორალური შეურცხყოფა; ძალადობა ხელით შეხებით და უშვერი სიტყვებით;

3. .,,ურჩ“ პედაგოგთა სახალხოდ და უმკაცრესად დასჯა, რაც გამოიხატა მათი ლექციებიდან ჩამოშორებითა და ავტორიტეტის შელახვით; განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლებამიღებული პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი კანდიდატები;

4. სამეცნიერო საბჭოს ფიქტიური არსებობა (რექტორის პირადი მოსაზრება საბჭოს გადაწყვეტილებაზე, შინაგანაწესსა და ქცევის კოდექსზე მაღლა დგას, რის გამოც საბჭოს შეკრებები სავსებით უფუნქციო და აზრს მოკლებულია);

5. სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის უმძიმესი, ანტისანიტარიული და ანტიჰიგიენური მდგომარეობის ფონზე, ძვირადღირებული ავტომანქანის (55 000 ლარის ღირებულების) შეძენა სასწავლებლის საბიუჯეტო სახსრებით(სახეზეა სავარაუდო კორუფციისა და ფინანსური მანიპულაციის ნიშნები), რომელიც ძირითადად რექტორის პირად კომფორტს ემსახურება;

6. რექტორის მიერ სასწავლებლის ფინანსური რესურსის სათავისოდ, არამიზნობრივად განკარგვა და გამოყენება;
7. არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური პირების დასაქმება სამასწავლებლო თუ სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე;

8. სასულიერო სასწავლებლის დიპლომების (უმაღლესი შეფასებით) პროტექციითა და „ჩაწყობით“ გაცემა ისეთ პირებზე, რომელთაც სასწავლებელში საერთოდ არც არასდროს უსწავლიათ; მაგალითისთვის ბატონი გიორგი ანდრიაძეც კმარა

9. კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი სახელით, სტუდენტთა დაშინებისა და დაშანტაჟების პოლიტიკის წარმოება;

10. სტუდენტური თვითმმართველობის არარსებობა;

11. რექტორის მიერ ლექციების არამართებულად ჩატარება, ლექციაზე დაგვიანებით შემოსვლა და ლექციის ადრე დასრულება და ხშირი გაცდენა;

12. გაცვლითი პროგრამების არარსებობა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საშუალების არდანერგვა, საზღვარგარეთის თეოლოგიურ სასწავლებლებთან თითქმის არარსებული ურთიერთობები; არცერთ საერთაშორისო ფორუმებსა თუ საღვთისმეტყველო კონფერენციებზე მონაწილეობის არმიღება, რაც როგორც პედაგოგის, ასევე სტუდენტების სწავლების ხარისხზე მწვავედ აისახება.

13. სტიპენდიის არარსებობა და კათოლიკოს-პატრიარქის რექტორობის დროს რამდენიმე სტუდენტის სასტიპენდიო თანხების მითვისება ამჟამინდელი რექტორის – პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიერ;

14. სასწავლო ინფრასტრუქტურის, ტექნიკური ბაზისა და გამართული ბიბლიოთეკის არარსებობა ;

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, უმორჩილესად გთხოვთ, დეტალურად გამოიკვლიოთ და გამოავლინოთ სასწავლებლის წიაღში არსებული ხარვეზები, მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება სასწავლებელის რექტორისა და ადმინისტრაციის ყველა იმ წევრის მიმართ, რომელიც რექტორის არაქრისტიანულ ქმედებებს ამართლებს და თავადაც ძალმომრეობს სტუდენტებზე”, – წერენ კურსდამთავრებულები.

წერილს სემინარიის პრორექტორმა დეკანოზმა ბესარიონმა უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაწესებულებას ეკლესიის მოწინააღმდეგეები უპირისპირდებიან. პრორექტორის თქმით, სემინარიასა და აკადემიას უამრავი “მადლიერი ადამიანი” ჰყავს, თუმცა არის გამონაკლისებიც.
კომენტარს “პირველი არხი” ავრცელებს.

“სასულიერო სემინარია და აკადემია მოწოდებულია, რომ სასულიერო პირები გაზარდოს და მის წინააღმდეგ არის ის ძალა, ვისაც არ სურს, ეკლესია ნათელი წერტილი იყოს ქვეყანაში.

…როგორც ოჯახშია – არის მადლიერი შვილი, ვინც ამაგს ხედავს და არის შვილი, ვინც ამას ვერ ხედავს. წლების განმავლობაში არის მსგავსი ერთეული შემთხვევევა.

თუ მამა გიორგი წლების განმავლობაში, მათი თქმით, სტუდენტებს შეურაცხყოფას აყენებს, რომელი სტუდენტი გაჩერდება, ან რომელი მასწავლებელი არ ამოიღებს ხმას. დაუჯერებელი ბრალდებებია მამა გიორგის წინააღმდეგ. ადამიანი, რომელიც დღე და ღამე შრომაშია. თუ რომელიმე სტუდენტს რამე აკლია, მთელი სასწავლებელი მოწოდებულია, რომ რამით დავეხმაროთ და ძალიან საწყენია, როდესაც მსგავსი ბრალდებები გესმის ადამიანების მხრიდან, რომლებზეც ამაგი გაქვს”, – აცხადებს პრორექტორი დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი