2017 წელს დავით საგანელიძემ, რომელიც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია, ხელფასის სახით 336 000 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 28 000 ლარს ნიშნავს. საგანელიძის ხელფასი 2016 წელთან შედარებით შემცირებულია. 2016 წელს მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი 33 687 ლარი იყო.
2017 წელს საგანელიძეს საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი აქვს 67 200 ლარი, ქონების გადასახადი – 5516 ლარი, დაზღვევაზე – 3432 ლარი, საქველმოქმედო მიზნებისათვის საგანელიძეს დახარჯული აქვს 42 750 ლარი, ხოლო მის მეუღლეს- 58 500 ლარი.
საგანელიძის დეკლარაციას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
სს „საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაარსდა 2011 წელს.
ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი “BB-“, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.
„საპარტნიორო ფონდი” შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.). ფონდის საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ფონდის მმართველობის ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო, აღმასრულებელი ორგანო და საინვესტიციო საბჭო.
სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის საქართველოს მთავრობის 4 წევრი და კერძო სექტორიდან მოწვეული 3 პირი. კერძოდ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრები; თი-ბი-სი ბანკის, საქართველოს ბანკის და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები.
დავით საგანელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელფასის ოდენობას სწორედ სამეთვალყურეო საბჭო განსაზღვრავს.