საცალო ქსელში Winston-ის, Camel-ის, Sobranie-ის და სხვა სიგარეტების მწარმოებელი კომპანიის, Japan Tobacco International-ის პროდუქცია 20-30 თეთრით გაძვირდა.

„ნეტგაზეთს“ JTI Caucasus-ის კორპორაციულ საკითხთა და კომუნიკაციების დირექტორმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განუცხადა, რომ საცალო ქსელში გაყოდვების მაჩვენებლით Winston-ი ლიდერობს, მისი ფასი საცალო ქსელში 20 თეთრით გაძვირდა და მან 2,20 ლარი შეადგინა. დღეს საცალო ქსელში Sobranie-ს ფასი 4 ლარია. ეს ბრენდი 30 თეთრით გაძვირდა. რაც შეეხება დაბალი საფასო სეგმენტის ბრენდ Magna –ს, მისი ფასი 1,50– დან 1,70 ლარამდე გაიზარდა.    

საგადასახადო კოდექსში პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული ცვლილებებით, ფილტრიან სიგარეტზე (ადგილობრივი და იმპორტირებული) აქციზის განაკვეთი 0.60-დან 0.75 ლარამდე, ხოლო უფილტროზე- 0.15-დან 0.20 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად,  ფასის ზრდამ 25% შეადგინა.  Japan Tobacco International-ის სიგარეტების შემთხვევაში კი, ფასების ზრდა დაახლოებით 10%-მდეა. 

 

თამბაქო
თამბაქო

JTI-ი თამბაქოს პროდუქციის წარმოების გლობალური ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. JTI-ის მიერ წარმოებული სიგარეტის ბრენდებია: Winston, Camel, Mild Seven / Mevius, Benson & Hedges, Silk Cut, Sobranie, Glamour , LD, Coronas, Ducat, Export ‘A’, Magna, Mayfair, Memphis, Mi Ne Monte Carlo, More, Peter I, Ronson, Russian Style, Salem, Sovereign, St George, Troika, Winchester.

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  აქციზის ზრდა თანხვედრაშია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიის მიერ ინიცირებულ კომპლექსურ მიდგომასთან, რომელიც ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნისკენაა მიმართული.

 

“სტრატეგიის მიზანია თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირება, ასევე, ქვეყნის მიახლოება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო -კონვენციით გათვალისწინებულ რეგულაციებთან. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების სხვადასხვა მექანიზმებს შორის ერთ-ერთია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატება.

 

 სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილებები არ არის გათვლილი ფისკალური ეფექტის მიღებაზე.

“ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდის შემდეგ კონტრაბანდის შესაძლო მატებასთან დაკავშირებული რისკები გაანალიზებულია და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება სიგარეტის ფასის შესაძლო მატებას – თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდა უპირობოდ არ იწვევს საცალო გაყიდვებზე ფასის მატებას და მისი მოცულობა დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.”

 

 ეკონომიკის ექსპერტის, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ფიანანსთა სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბიუჯეტში ფისკალური შედეგის მიღების მიზნით მიიღო:

 

„ვისაც მოწევა უნდა, სიგარეტს მაინც მოწევს და ფასის ზრდა ამაში ხელს ვერ შეუშლის. თამბაქოს ნაწარმზე ფასის ზრდა მოქალაქეების პირად ბიუჯეტს დააზარალებს, ხოლო სახელმწიფო–საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება.“

 

თმბაქოს ნაწარმზე ფასის ზრდას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:  

 

„გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აქციზის გადასახადის მატებით დასახელებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია. პირიქით, თამბაქოს ნაწარმზე ფასის მატების გამო, მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც მოიხმარს ასეთი ტიპის პროდუქციას, იძულებული იქნება გადავიდეს უფრო იაფფასიან და, შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანო თამბაქოს ნაწარმზე. შედეგად ვიღებთ ვითარებას, სადაც მოქალაქეებს, ვისთვისაც თამბაქოზე დამოკიდებულება თავისთავად წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, სახელმწიფო კიდევ უფრო ურთულებს მდგომარეობას მოხმარებული პროდუქციის ფასის ზრდით.

 

თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდის რეალური მიზეზი არის არა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გაჩენილი სერიოზული პრობლემის მოგვარების საკმაოდ პრიმიტიული მცდელობა. თუმცა ამ მიზნის მიღწევაც შეუძლებელი იქნება, რადგან გაიზარდა კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოსვლის ალბათობა, რაც გააჩენს სიგარეტის შავ ბაზარს და შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს” – ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”მიერ გავცელებულ განცხადებაში.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *