ახალი ამბები

“ტაიმმა” მიხეილ სააკაშვილი გეოპოლიტიკურ ძებნილთა ტოპ 5-ში დაასახელა

31 იანვარი, 2018 • 3187
“ტაიმმა” მიხეილ სააკაშვილი გეოპოლიტიკურ ძებნილთა ტოპ 5-ში დაასახელა

გამოცემა “ტაიმმა” საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის გეოპოლიტიკურ ძებნილთა ტოპ 5-ში დაასახელა.

რას წერს სააკაშვილზე “ტაიმი”:

მას განათლება დასავლეთში აქვს მიღებული. 2003 წელს საქართველოს უსისხლო, “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ლიდერი იყო. ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა 2004-13 წლებში ეკავა, თანამდებობა კი ქონების მითვისებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებებით დატოვა. სააკაშვილი ამერიკაში წავიდა, თუმცა 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსგან მიიღო შეთავაზება და ოდესის გუბერნატორი გახდა. უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

2016 წლის ნოემბერში იგი თანამდებობიდან გადადგა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა, სადაც პოროშენკო კორუფციის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის გამო უკრაინის პოლიტიკური ელიტისთვის არასასურველი პირი გახდა. თავის მხრივ სააკაშვილს ისინიც ადანაშაულებენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის ორგანიზაციის დახმარებაში. პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და ამჟამად მოქალაქეობის არმქონე პირია.

გასული წლის დეკემბერში ძალიან პოპულარული გახდა ვიდეო, რომელზეც სააკაშვილი პოლიციისგან თავის დაღწევას სახურავზე ასვლით შეეცადა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა, სააკაშვილის მხარდამჭერებმა პოლიციის მანქანას ალყა შემოარტყეს, რის შედეგადაც გაქცევა მოახერხა.


სააკაშვილთან ერთად, გამოცემამ დაასახელა აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირი ფეტულა გიულენი. თურქეთის მთავრობა ფეტულა გიულენს ადანაშაულებს 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, თუმცა სასულიერო პირი ამ ბრალდებასა უარყოფს. გიულენმა თურქეთი 1999 წელს დატოვა და მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებში (პენსილვანიაში) ცხოვრობს.

გამოცემამ ასევე დაასახელა კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა კატალონია მას შემდეგ დატოვა, რაც მადრიდმა კატალონიას ავტონომია ჩამოართვა და პირდაპირი მმართველობა დაიწყო. კატალონიაში რეფერენდუმის შედეგად არჩეული პარლამენტი  ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა 28 ოქტომბერს დაითხოვა, ხოლო რეგიონალური არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა

ძებნილ პირებს შორისაა ჟულიენ ასანჟიც, რომელი ვიკილიქსის დამფუძნებელია, ასანჟმა საჯარო გახადა საიდუმლო დოკუმენტები, რომელთა უმეტესობაც საიდუმლო სამსახურების არქივებიდანაა. ასანჟის გასამართლება აშშ-ს სურს.

ძებნილებს შორისაა კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაჯიც. მას 1998-99 წლებში, კოსოვოს განთავისუფლების არმიის სარდლობის პერიოდში, ჩადენილი ქმედებებისთვის ედება ბრალი. მათ შორისაა კოსოვოში სერბების მკვლელობის, წამების, გაუპატიურების ბრალდებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი