ახალი ამბები

ზურაბ ქარუმიძის რომანი გერმანულმა ტელევიზიამ სამ საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა

31 იანვარი, 2018 • 3428
ზურაბ ქარუმიძის რომანი გერმანულმა ტელევიზიამ სამ საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა

მწერალ ზურაბ ქარუმიძის რომანის “„Dagny or a Love Feast“ გერმანულენოვანი თარგმანი გერმანული მაუწყებლის, “SWR2”-ის მიერ საუკეთესო წიგნების სამეულში დასახელდა. რომანი საუკეთესო ნაწარმოებებს შორის მესამე ადგილზე გავიდა.

წიგნი გასულ წელს ცნობილმა მთარგმნელმა, შტეფან ვაიდლემ თარგმნა და გერმანულმა გამომცემლობამ “Weidle Verlag” გამოსცა. მისი პრეზენტაცია სხვა გამოცემებთან ერთად გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა.

წიგნების ზემოაღნიშნული სია 40 წელია ყოველთვიურად მზადდება. ახალი გამოცემების შერჩევაზე ევროპული ქვეყნებიდან ცნობილი ლიტერატორების, კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების 30-კაციანი ჟიური მუშაობს. წიგნების შერჩევისას ჟიურის თითოეული წევრი ირჩევს, რომელი წიგნები მოხვდეს ბესთსელერთა სიაში.

მოცემულ წიგნზე რეცენზიები ისეთი გავლენიანი გამოცემების მიერ დაიწერა, როგორებიცაა: Frankfurter Allgemeine Zeitung, Süddeutsche Zeitung, culturbooks, Bayerischer Rundfunk, soundsandbooks, lustauflesen, tabularasamagazin, Deutschlandfunk Kultur.

ზურაბ ქარუმიძის რომანი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა. მისი კითხვა-პრეზენტაცია 16 მარტს 2018 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი