ახალი ამბები

დღეს გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსს

26 იანვარი, 2018 • 1495
დღეს გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსს

დღეს, 26 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სათათბირო ოთახში მსჯელობს.

სხდომა ნაწილობრივ დახურული იყო, რადგანაც სასამართლომ მოისმინა მუსტაფა ჩაბუქის ცოლის, თუბა ჩაბუქის ახსნა-განმარტება. თუბა ჩაბუქი სახელმწიფომ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო და სასამართლოს განმარტებით, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საიდუმლოა.

პირველი ინსტაციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის შესახებ. ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

ამჟამად ჩაბუქი საქართველოში წინასაექსრტრადიციო პატიმრობაში იმყოფება და საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ მას და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭონ. სამინისტრომ ჩაბუქს ამ სტატუსზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომ, დღეს კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი