ახალი ამბები

თურქეთის ელჩი: აფრინში ვებრძვით PKK-ს, რომელიც თურქეთის უსაფრთხოებას ემუქრება

26 იანვარი, 2018 • 1910
თურქეთის ელჩი: აფრინში ვებრძვით PKK-ს, რომელიც თურქეთის უსაფრთხოებას ემუქრება

თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთის ხელმძღვანელობით სირიის ქალაქ აფრინში მიმდინარე ოპერაციის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან პროცესის წინაპირობები განიხილა და აღნიშნა, რომ თურქეთი საკუთარ ინტერესებს იცავს.

სხვა ოფიციალური პირების მსგავსად, იაზგანმა სირიელი ქურთების სამხედრო შენაერთს “ხალხის თავდაცვითი გაერთიანება(YPG)” არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან(PKK)” კავშირში დასდო ბრალი. მისი თქმით, მსგავსი ძალის არსებობა საზღვარზე თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

“როდესაც სირიის ჩრდილოეთით DEASH-მა(“ისლური სახელმწიფო”)დაიკავა ტერიტორიები, PKK-მ მასთამ ბრძოლის საფარქვეშ ასევე დაიწყო ტერიტორიების დაკავება. შემდეგ ის გასცდა ამ არეალს და ასევე დაიკავა ტერიტორიები, სადაც არაბები, თურქმენები, მისი არაწევრი ქურთები და სხვები გვხვდებოდნენ. ჩვენი სამიზნე არ არიან რიგითი ქურთები, ჩვენ ვებრძვით PKK-ს, რომელიც გამაგრებულია საზღვარზე და ემუქრება თურქეთის უსაფრთხოებას. ოპერაცია ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმათა დაცვით და გაგრძელდება მანამ, სანამ ტერორიატული საფრთხე არ განეიტრალდება”, – აღნიშნა ელჩმა.

სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ აფრინში, თურქეთის სამხედრო ოპერაცია “ზეთისხილის რტო” 21 იანვარს საჰაერო შეტევით დაიწყო, მომდევნო დღეს კი ქალაქში მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოჩნდა.

აფრინი ქურთების დე ფაქტო ავტონომიის ნაწილია, რომელიც სირიის სამოქალაქო ომის მინდინარეობისას შეიქმნა.

თურქეთის ხელისუფლების თქმით, ოპერაციის მიზანია, აღიკვეთოს აშშ-ის მხარდაჭერილი ქურთების “ტერორისტული არმიის” შექმნა სირია-თურქეთის საზღვარზე. სირიის ქურთები კი სამხედრო აგრესიაზე საუბრობენ და თურქეთს წინააღმდეგობას ჰპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი