კახა ურიადმყოფელი, რომელიც “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” თანამშრომელია, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში, როცა ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა, მათთან პატრულის ეკიპაჟი მივიდა:
” ჩვენს წინ გაჩერდა და მანქანიდან ანთებული ფანრებით შეიარაღებული პოლიციელები გადმოვიდნენ. გვთხოვეს ყველას გადმოვსულიყავით, გამოგვკითხეს ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი, შეამოწმეს საბუთები, გაჩხრიკეს მანქანა, საბარგული. ჩვენი პროფესიების გაგების შემდეგ ალბათ ცოტა მოლბნენ და “კანონსაწინააღმდეგო” რომ ვერაფერი ნახეს, პერიმეტრი დატოვეს”.
მისივე განცხადებით, აღნიშნული საღამოს 11 საათზე მოხდა, 15 წუთის შემდეგ კი ეზოში, ამჯერად ჩვეულებრივი ავტომანქანა შემოვიდა, საიდანაც კვლავ პოლიციელები გადმოვიდნენ.
“თავდაპირველად ისინი ეზოში ახალშემოსულ მანქანასთან მივიდნენ. მოთხოვეს საბუთები, დავთარში ჩაიწერეს მათი მონაცემები და მობილურით თითოეულ მათგანს გადაუღეს სურათები. გუმანით მივხვდით, რომ ჩვენთანაც მოვიდოდნენ. მოვიდნენ კიდეც. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვუთხრით, რომ უკვე შეგვამოწმეს-თქო. “სურათები გადაგიღეს?” – გაისმა კითხვა. “არა.” – ვუპასუხეთ ჩვენ. “თუ არა, მაშინ გადმობრძანდით მანქანიდან!”, იყო ბრძანება და ჩვენც გადმოვედით. განმეორდა იგივე პროცედურა, რასაც ამჯერად დაემატა ის, რომ დიდ დავთარში (რომელიც ნახევრად სავსე იყო) დაგვნომრეს, ჩაიწერეს ჩვენი სახელები, გვარები, მამის სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი. მობილურით გადაგვიღეს სურათები. დაინტერესდნენ, რატომ ვიყავით იქ და ამჯერადაც ჩვენი პროფესიების გაგების შემდეგ ცოტათი მოლბნენ და პერიმეტრი დატოვეს”.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, რომ მოქალაქეების შემოწმება პრევენციული ხასიათისაა და დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად:
“რეიდები არ არის ეს, რეიდები ამას დაარქვა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. პრევენციული ღონისძიებებია ჩვეულებრივი, პოლიცია ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. გუშინ განმარტება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით”.
შსს–ს პრესამსახურის წარმოამდგენლის განცხადებით, პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებს. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა კანონი ადამიანების მასობრივად შემოწმებას, პრესსამსახურში გვიპასუხეს:
“მასობრივი რატომაა? გასაგებია, რომ ბევრმა ადამიანმა დაწერა, მაგრამ არ არის ეს მასობრივი, ჩვეულებრივი პრევენციული ღონისძიებებია დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული. პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებს”.
ნეტგაზეთის შეკითხვაზე, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, სამინისტროს მოსაზრებით, შემოწმების მასობრივობაზე საუბარი, პრესსამსახურის წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებში ვერ შემოვა:
“მე რისი თქმაც შემიძლია, გაწვდით ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. თუ დამატებითი ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელი იქნება, მე დაგიკავშირდებით”.
ის ადამიანები, რომლებიც პოლიციის მიერ მოქალაქეების შემოწმებაზე წერენ, აცხადებენ, რომ პოლიცია უკანონოდ იქცევა. მაგალითად, ჟურნალ “ლიბერალის” ჟურნალისტის, ნინო ბექიშვილის შვილი ზურაბ ხიდაშელი დოლიძის ქუჩაზე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა გაჩხრიკეს, ხელბორკილი დაადეს და განყოფილებაში გადაიყვანეს:
ჟურნალისტის განცხადებით, 24 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე ზურა და მისი ორი მეგობარი ერთ–ერთის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ. ზურას მეგობარმა შენიშნა, რომ გაჩერებულ მანქანასთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები მის ბიძას ეჩხუბებოდნენ. ნინო ბექიშვილის განცხადებით, ზურას მეგობარი ნასვამი იყო და აღნიშნულ პირებს უხეშად მიმართა:
“ზურამ თქვა, სანამ იარაღი არ დავუნახე, ვერაფრით ვერ მივხდი თუ პოლიციელები შეიძლება ყოფილიყვნენო. არც მანქანა იყო საპატრულო და არც ფორმა ეცვათ. ყველას დაადეს ხელბორკილები და მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში ამ ბიჭის დედაც მივიდა, ჩემი შვილი ჩხუბობდა, მაგრამ დანარჩენები მაინც გაუშვითო და გამოუშვეს. რაც საინტერესოა, ზურამ თქვა, მოყავდათ და მოყავდათ დაკავებული ადამიანები. ისიც გაიგო, რომ თბილისის კაპეზეში ადგილი არ არის და რუსთავში გადაყავთ ხალხიო. ზურა ეკითხებოდა პოლიციელებს, რატომ დამიჭირეთ, რა გინდოდათო, ისინი ხმას არ სცემდნენ”.
აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა პრესსამსახურში განუცხადეს, რომ უკანონოდ მოქცევის შემთხვევაში მოქალაქეებმა გენერალურ ინსპექციას უნდა მიმართონ:
“თუ ვინმეს უკანონოდ მოექცნენ, გენერალურ ინსპექციას უნდა მიმართონ, 126–ია ცხელი ხაზის ნომერი”.
პოლიციის მიერ პირის შემოწმებას პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს, რომლის მეცხრე მუხლის თანახმად პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.
კანონის მიხედვით, პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება. ასევე, პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
კანონში ასევე განმარტებულია იმ პირის უფლებები, რომელსაც პოლიცია გონივრული ეჭვის აჩერებს. კანონის მიხედვით, პირს შეუძლია, შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში, ერთჯერადად, შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით, სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა, და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან დაუსაბუთებელი შეჩერებისათვის.
“გონივრული ეჭვის” შესახებ მუხლი საქართველოს „კანონში პოლიციის შესახებ“ პარლამენტმა 2010 წლის შემოდგომაზე დაამტკიცა. მაშინ ეს საკითხი მწვავე დებატების თემა გახდა. პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები” ამ მუხლთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა.
პარტიის აზრით, პოლიციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, პოლიციის მიერ ,,გონივრული ეჭვით’’ გაჩერებული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, – ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობა (კონსტიტუცია, 18 მუხლი, პუნქტი 1), – ირღვევა, რადგან კანონი არ განმარტავს, თუ რა ითვლება ,,გონივრულ ეჭვად’’.
2013 წელს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დებატები კვლავ განახლდა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი შევიდა პარლამენტში. 2013 წლის 16 ივლისს, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიაც ესწრებოდა. მისი განმარტებით, ცვლილებები შედის ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე მოქალაქის გაჩერების ნაწილშიც. კერძოდ, მისი თქმით, “გონივრული ეჭვის“ საფუძველზე გაჩერების ღონისძიება ადამიანის გამოკითხვით იცვლება:
“დღეს განვიხილეთ “პოლიციის შესახებ კანონპროექტი“, რომელიც მოწონებულ იქნა. ერთ-ერთი სიახლე ამ კანონპროექტში არის ის, რომ კონკრეტული საპოლიციო ღონისძიება დეტალურად იქნა რეგლამენტირებული და ის მოქმედ კანონში არ იყო. პოლიციის ზოგადი უფლება-მოვალეობები იყო განსაზღვრული, მაგრამ კონკრეტულად რა შემთხვევაში როგორ უნდა ემოქმედა პოლიციას, არ იყო გაწერილი. მაგ: მოქმედი კანონის მეცხრე პრიმა მუხლის თანახმად, გონივრული ეჭვის საფუძველზე პოლიციას შეეძლო შეეჩერებინა მოქალაქე, თუ ქონდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული. ჩვენ კი ეს შევცვალეთ იმით, რომ პირველი, პოლიციას ვუთხარით, კონკრეტულად რა სამართლებრივი საფუძვლით შეუძლია შეაჩეროს მოქალაქე და არა ზოგადად, ე.წ გონივრული ეჭვის საფუძველზე. მეორე, ასევე განვუმარტეთ, თუ რისთვის აჩერებს. ესეც არ არის მოქმედ კანონში. მეტი განსაზღვრულობა შევიტანეთ, ერთი მხრივ, მოქალაქეების დაცულობის კუთხით და ასევე, პოლიციელების დაცულობის თვალსაზრისით, რადგან პოლიციას ამ განუსაზღვრელი ე.წ გონივრული ეჭვის საფუძველზე ძალიან ფართო არეალი ჰქონდა თვითნებური ქმედებების და თვითნებური საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისათვის. ჩვენი კონკრეტული რეგლამენტაციით, აი, ეს კონკრეტიკა შევქმენით, ადამიანის უფლებების დაცვისთვის“.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია.








