ახალი ამბებისამართალი

წიქარიშვილი: მქონდა განცდა, რომ ვესროლე არა სასამართლოს ფანჯარას, არამედ უსამართლობის კერას

24 იანვარი, 2018 • 2066
წიქარიშვილი: მქონდა განცდა, რომ ვესროლე არა სასამართლოს ფანჯარას, არამედ უსამართლობის კერას

“მე არ მქონია განცდა, რომ ვესროლე სასამართლოს ფანჯარას”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა 24 იანვარს სასამართლოში, სადაც მის მიმართ წაყენებული ადმინისტრაცული  სამართალდარღვევის საქმის განხილვა  უნდა დაიწყოს.

პოლიციამ წიქარიშვილი მას შემდეგ დააკავა, რაც აქტივისტმა მოსამართლის მიერ “ბახალას” საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად აგური ესროლა.

“ჩემი გუშინდელი ქმედება იყო გამოწვეული ძალიან კონკრეტული პროტესტით, აღელვებით და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც “ბახალას” მიმართ გამოიტანა სასამართლომ, ამ უსამართლო გადაწყვეტილებით. სიმართლე გითხრათ, მე არ მქონია განცდა, რომ ვესროლე სასამართლოს ფანჯარას, მე მქონდა განცდა, რომ ვესროლე უსამართლობის კერას, სადაც ადამიანები იკვებებიან სხვა ადამიანების გაწამებით,”- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წიქარიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევის ბრალდებით  დააკავეს.  ამავე უწყების ცნობითვე, გამოძიება დაწყებულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე, ნივთის დაზიანების და განადგურების მუხლით.

“ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს მე ვაღიარებ, უბრალოდ, არასამართლიანი მგონია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მიმდინარეობს იმავე ქმედებაზე. იმედი მაქვს, ეს სისხლის სამართლის საქმე დასრულდება, ან შეწყდება,”- ამბობს წიქარიშვილი.

მოკლედ

  • 23 იანვარი: სამოქალაქო აქტივისტმ, “თეთრი ხმაურის” მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილმა 23 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან გააპოროტესტა მოსამართლის გადაწყვეტილება “ბახალას” საქმეზე;
  • 23 იანვარი: თბილისის საქალაქო სასამართლომ  ნარკოდანაშაულში ბრალდებულ გიორგი გიორგანაშვილს  (ბახალას) 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზეც. მისი ადვოკატის თქმით, “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან გიორგანაშვილის დაკავების ინტერესი ის იყო, რომ პოლიცია სხვა საქმესთან თანამშრომლობას სთხოვდა, ასევე, ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი