ახალი ამბები

ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს და ერთი პირი დაჭრეს

22 იანვარი, 2018 • 21139
ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს და ერთი პირი დაჭრეს

დღეს, 22 იანვარს, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა შეიარაღებული პირი, რომელმაც თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, დაჭრილი ახალგაზრდა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი