
,,სააკაშვილი ყოველგვარი ადამიანურის წინააღმდეგ მებრძოლი ბარბაროსია. ამ ბოროტი კაცისაგან, რომელიც 20 იანვრის შემდეგ თვითმარქვია პრეზიდენტია, არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს და მის მომავალს სააკაშვილის მსგავსი ბარბაროსებისაგან,“ – აცხადებს გოჩა ძასოხოვი მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით.
ძასოხოვის პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შემდეგ გეგმავს ჩამოსვლას და მას დაგეგმილი აქვს ბიზნესპროექტების განხორციელება.
მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენს ცოტა ხნის წინ პატრიაქრი ილია მეორე შეხვდა.
„აგარის შაქრის“ მფლობელმა, გოჩა ძასოხოვმა საქართველო 2008 წლის აგვისტოში დატოვა. ძასოხოვი, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისა და საზოგადოება „დინამოს“ პრეზიდენტი იყო, პეკინის ოლიმპიადიდან საქართველოში აღარ დაბრუნდა. ამჟამად ის რუსეთში მოღვაწეობს. გოჩა ძასოხოვი ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.
2008 წლის აგვისტოში შემოსავლების სამსახურმა დააყადაღა ძასოხოვის კუთვნილი საწარმოები: აგარის შაქრის ქარხანა „ქართული შაქარი“, ვაშლის, ყურძნისა და მანდარინის კონცენტრატების ქარხნები გურჯაანში, ქობულეთსა და აგარაში, პომიდვრის საცდელი მეურნეობები მარნეულში, ხეხილის ბაღები შიდა ქართლსა და კახეთში, „აგროინვესტბანკი“ და სასტუმრო „ივერია“ქობულეთში. ქონების ნაწილი სახელმწიფოს საკუთრება გახდა, ნაწილი კი – მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების.







