EMC-ის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დირექტორი თამთა მიქელაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და ჩაბუქის მიმართ საქართველოს მთავრობის მოქმედებები თურქეთის მთავრობის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის შედეგია.
თამთა მიქელაძის შეფასებით, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის რისკები, რაც თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ჩაბუქს დაემუქრება:
“მნიშვნელოვანია, სასამართლომ ჯეროვნად შეაფასოს ის რისკები წამების, არაადამიანური მოპყრობის თუ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის, რომელიც ჩაბუქს შეხვედება თურქეთში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლის სტანდარტების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ არ დაუშვას ექსტრადიცია იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანი შეიძლება გახდეს წამების ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში სწორედ ეს ნაწილი იყო დაუსაბუთებელი, როდესაც უთითებდა თურქეთში მსგავსი რისკების არასრსებობაზე და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რომელიც მთიანად არის აცდენილი საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგებს თურქეთის ციხეებში არსებულ უფლებრივ მდგომარეობაზე, ისევე როგორც უშუალოდ ფეთულა გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ მიმდინარე დევნაზე, რომელიც დისკრიმინაციულ და თვითნებურ ხასიათს ატარებს,”- ამბობს მიქელაძე.
თამთა მიექლაძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო ჯეროვნად გაიზიარებს თურქეთში წამების რისკების თაობაზე, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს დისკრიმინაციისა და პოლიტიკური დევნის შესახებ.
მისივე თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ისიც, რომ ჩაბუქის მიმართ წაყენებული ბრალდება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის შესახებ დაუსაბუთებელია:
“მიშვნელოვანია, სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს წარდგენილი ბრალდების დაუსაბუთებლობა. საქართველოს და თურქეთის მთავრობაც ლაპარაკობენ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაზე. EMC-იმ სასამართლოს გაუგზავნა სასამართლო მეგობრის მოსაზრება, სადაც ის ხსნის, რატომ არ შეიძლება იქნას განხილული ეს ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად და რა არის ის სტანდარტები, რომელიც სასამართლომ ამ დროს უნდა გაითვალისწინოს.
ამ საქმეში ასევე იდგა საკითხი იმის თაობაზე, რომ იმის გამო, რომ ძირითადი მოქმედებები, რასაც ჩაბუქს ედავებიან, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა. ჩვენ ასევე ვამტკიცებთ, რომ ამ საქმზე გამოძიების ჩატარება საქართველოს მთავრობის საგამოძიებო განსჯადობას მიეკუთვნება, შესაბამისად, მათ შორის, ამის გამო მისი გადაცემის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს,”- განაცხადა მან.
მიექლაძე მიიჩნევს, რომ ვინაიდან თურქეთი საქართველოს გავლენიანი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს ხელისუფლება ამ პოლიტიკური ლოიალობის გამო ვერ ბედავს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკით მიიღოს გადაწყვეტილებები:
“მუსტაფა ემრე ჩაბუქის, ისევე როგორც სხვა თურქული სკოლების დახურვის საქმეები, ბათუმის სკოლის თუ დემირელის სკოლის, მთლიანობაში აჩვენებს სწორედ იმ დისკრიმინაციულ პოლიტიკას, რომელიც თურქეთში არსებული არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ საქართველოს მთავრობის ლოიალური პოლიტიკის გაგრძელებაა. ამდენად, მას აქვს ერთადერთი ახსნა – ეს არის სწორედ პოლიტიკური ლოიალობა. თუ საბოლოოდ ჩვენი სამართლებრივი სისტემა ამ გზას გააგრძელებს და ამას არ ეყოფა სამართლიანობა და გამბედაობა, რომ სასამართლო ხელისუფლებამ მაინც დაიცვას ჩაბუქი ამ თვითნებობისგან, რაც მთავრობამ დაუშვა პირველ ნაბიჯზე, როდესაც მან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, ცხადია, ამ ადამიანებს რჩებათ საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის, ევროსასამართლოსთვის მიმართვა,”- ამბობს თამთა მიექლაძე.