ახალი ამბები

რუმინეთში ანტიკორუფციულ აქციაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა

22 იანვარი, 2018 • 2304
რუმინეთში ანტიკორუფციულ აქციაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა

რუმინეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით შაბათს, 20 იანვარს, ანტისამთავრობო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები სისხლის სამართლის კოდექსში შემავალ ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, კორუფციული დანაშაულების სამართლებრივი დევნა რთულდება. ამის შესახებ,  Agerpres-ზე დაყრდნობით, New York Times წერს.

გამოცემის თანახმად, აქციები გაიმართა როგორც რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში, ასევე შედარებით მცირე ქალაქებში, როგორებიცაა სიბიუ და ტიმიშოიარა.

ბუქარესტში აქცია უნივერსიტეტის მოედანზე დაიწყო, რის შემდეგადაც აქციის წევრებმა პარლამენტისკენ გადაინაცვლეს. როგორც გამოცემა იუწყება, შაბათის აქციას ათი ათასობით ადამიანი შეუერთდა, რომლებიც გარდა სკანდირებისა, ეროვნულ ჰიმნსაც მღეროდნენ.

დეკმებერში რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, უფრო რთული ხდება კორუფციული დანაშაულეის სამართლებრივი დევნა. აქციის მონაწილეების თქმით, ამით ქვეყნის სასამართლო სისტემა სერიოზულად ზიანდება.

სადავო ახალი კანონისთვის რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანნის ხელი  ჯერ არ მოუწერია, თუმცა აქციის წევრები შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას უკან დახევს.

გასულ წელს რუმინეთის მასშტაბით ასი ათასობით მოქალაქე გამოვიდა ანტისამთავრობო აქციაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების გასაპროტესტებლად, რომელიც გარკვეული კორუფციული დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ისახავდა მიზნად. რამდენიმედღიანი დემონსტრაციების შემდეგ მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა მმართველ გუნდის წევრების მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს ზეწოლა მსგავსი ცვლილებების მისაღებად.

 

რუმინეთის მასშტაბით ანტიკორუფციული აქციები გაიმართა. ბუქარესტი, რუმინეთი 20.01.2018. ფოტო: EPA-EFE/ROBERT GHEMENT

მასალების გადაბეჭდვის წესი