ახალი ამბები

თბილისის გენგეგმის საბოლოო ვარიანტს საერთაშორისო ორგანიზაციები შეაფასებენ – კალაძე

22 იანვარი, 2018 • 1924
თბილისის გენგეგმის საბოლოო ვარიანტს საერთაშორისო ორგანიზაციები შეაფასებენ – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან.

როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ის დოკუმენტია, რომელმაც დედაქალაქის სწორი და გრძელვადიანი განვითარება უნდა განსაზღვროს.

მისი განცხადებით, დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45-დღიანი ვადა მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა.

“ვაცნობიერებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული დოკუმენტის მიმართ და გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს მიმართა, რათა “სითი ინსტიტუტის” მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის შეფასების პროცესში მათი მაქსიმალური ჩართულობა მოხდეს. აქტიური კონსულტაციების შედეგად, თბილისის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შეთანხმება მოხდა,” – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია “ბიურო ჰაპოლდმა”, რომელიც 100 მედეგი ქალაქის განვითარების პროცესში მერიის სტრატეგიული პარტნიორია, გამოთქვეს მზადყოფნა – გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ.

“ჩვენ ასევე დავუკავშირდით ადგილობრივ ექსპერტებს და მათი ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მერიის შესაბამისი სამსახურებიც მზად არიან თანამშრომლობისა და დოკუმენტის შეფასებაში მონაწილეობისთვის. თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღების პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული “სითი ინსტიტუტის” მიერ თბილისის მერიის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები – ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ეკოლოგიისა და ეკონომიკური სარგებლიანობის დოკუმენტში ასახვის კუთხით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციისა და შესაბამისი ექსპერტების ინფორმირებულობას უზრუნველყოფს. ასევე, მიაწვდის შესაბამის დოკუმენტაციას, რათა დროულად მოხდეს გენგეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასებასთან დაკავშირებით მუშაობის დაწყება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული შემადგენლობით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება.

კითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა თბილისის გეგნეგმაში თავად დედაქალაქის მერის შენიშვნები, კონკრეტულად კი ელიავას ბაზრობის გაუქმება, კახა კალაძემ უპასუხა, რომ მხოლოდ ერთ მიმართლებაზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, ზემოთ ხსენებულ კომპანიას თბილისის მერიამ წარუდგინა მთელი რიგი შენიშვნები, რომელიც უნდა მოიყვანონ სრულყოფაში.

თბილისი, ფოტო მერიის მე-20 სართულიდან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი