დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წლისთავს ასობით ათასი ადამიანი აშშ-ის ქალაქების ქუჩებში, ქალთა მარშზე შეხვდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კვლავ გააპროტესტეს აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა და ქალთა უფლებების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა. ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციები ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში გაიმართა.
მსგავსი აქციები ქვეყნის მასშტაბით გასულ წელსაც გაიმართა. მაშინ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება რამდენიმე მილიონმა ადამიანმა გააპროტესტა.
წლევანდელ პროცესს “ტვიტერზე” პრეზიდენტი ტრამპი გამოეხმაურა. მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ბოლო 1 წლის განმავლობაში ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის ისტორიული პროგრესიც აღნიშნონ.
“მშვენიერი ამინდია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესანიშნავი დღეა ქალების მარშისთვის. ახლა გამოდით, რათა აღნიშნოთ ისტორიული და უპრეცედენტო ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა, რომელიც ბოლო 12 თვის მანძილზე დადგა. ქალთა უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 18 წლის მანძილზე!”, – წერს ტრამპი.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ფოტოებს აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებიდან.