პროკურორის განცხადებით, კალიფორნიაში მშობლების მიერ დატყვევებული 13 ადამიანს წლების მანძილზე სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ, აბამდნენ და აშიმშილებდნენ – წერს “როიტერი”.
დატყვევებული შვილებიდან ყველაზე პატარა 2 წლისაა, ყველაზე დიდი კი- 29-ის. კვების დეფიციტის გამო ზოგიერთს კუნთოვანი მასა გაუქრა და ზრდა-განვითარება შეაჩერა, ზოგს კი, ხანგრძლივი ფიზიკური ძალადობის გამო, კოგნიტური ფუნქცია გაუუარესდა და ნერვული სისტემა დაუზიანდა.
ბრალდებულ მშობლებს 20-ზე მეტი ბრალი აქვთ წარდგენილი, მათ შორის- წამება, ძალადობა, უკანონო პატიმრობა და ყველა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 94 წლით პატიმრობა ემუქრებათ. მამას, 57 წლის დევიდ ტურპინს, ასევე, ბრალად ედება თავისივე ქალიშვილების მიმართ სექსუალური ძალადობა.
სასამართლომდე გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა მაიკ ჰესტრინმა განაცხადა, რომ დატყვევებულ შვილებს არ აჭმევდნენ, მათ არ ჰქონდათ ელემენტარული ჰიგიენური პირობები და სჯიდნენ ისეთი ქცევების გამო, როგორიცაა მაჯის ზემოთ ხელების დაბანა.
მისივე თქმით, მშობლები შვილებს კვირაობით და თვეობით ატყვევებდნენ, აბაზანით სარგებლობის უფლებას არ აძლევდნენ და მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეეძლოთ შხაპის მიღება.
“მშობლები თავისთვის ყიდულობდნენ საკვებს, მათ შორის ღვეზელებს, ვაშლის, კვახის ღვეზელს, შვილებს კი აყურებინებდნენ და არ აჭმევდნენ ამ ყველაფერს”- ამბობს პროკურორი.
კვების დეფიციტის გამო, 12 წლის ბავშვის წონა 7 წლის ბავშვის წონის შესაფერისია, ხოლო ყველაზე უფროსი, 29 წლის ქალი 37 კილოგრამს იწონის.
წყვილი 14 იანვარს საკუთარ სახლში დააკავა პოლიციამ, რომელიც კალიფორნიის შტატში, ლოს ანჯელესში მდებარეობს. პოლიციას ერთ-ერთმა ტყვემ დაურეკა, რომელმაც გაქცევა მოახერხა. გაქცევის გეგმაზე და-ძმები 2 წელი მუშაობდნენ.