ახალი ამბები

მინდოდა ხასიათის და განწყობის წარმოჩენა – ილიკო სუხიშვილი კრიტიკას ეხმაურება

18 იანვარი, 2018 • 7823
მინდოდა ხასიათის და განწყობის წარმოჩენა – ილიკო სუხიშვილი კრიტიკას ეხმაურება

“სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ანსამბლის ახალი ცეკვის მიმართ საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. მისი თქმით, ცეკვაში ელექტრონული მუსიკის ელემენტები ეროვნულ მოტივებს არ ეწინააღმდეგება.

ილიკო სუხიშვილმა “რუსთავი2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პროექტი “ცეკვა ქართული” ჯერ ექსპერიმენტულია, თუმცა მის გაგრძელებასა და განვითარებას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, ახალი ცეკვის მიზანი განწყობის წარმოჩენაა, რომელიც მოცემულ დროს ერგება.

“არ მინდოდა კონკრეტული ხალხის, კუთხის ან თუნდაც ისტორიის, ციხესიმაგრის გადარჩენის ისტორიის მოყოლა. [მინდოდა] უფრო ხასიათის და განწყობის გადმოტანა. როგორ ფიქრობთ, დღეს ახალგაზრდა ქართველი გოგო და ბიჭი ქართულს შინაგანად როგორ ცეკვავენ?

…თუ ქართველი ახალგაზრდა ქართულ ელექტრონულ მუსიკაზე მოძრაობს, როგორც თვითონ, იდენტურად და არა სხვა ვინმე, ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ქართული არ არის. არ არის აუცილებელი, ჩოხა ჩააცვა და დიმპიტაური დაუკრას. ჩემთვის ეს პროექტი იმდენად ცოცხალია, რომ მინდა განვითარდეს და არასდროს გამოვტოვებ შანსს, რომ წარმოვადგინოთ სხვადასხვა სახით”, – ამბობს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ცეკვა ელექტრონული მუსიკის მოტივებზე 13 იანვარს კლუბ “რესპუბლიკაში” შესრულდა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ქართულ ცეკვაში სიახლე მოიწონა, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ მას ტრადიციულ ქართულ ცეკვასთან საერთო არაფერი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი