ახალი ამბები

სამშენებლო სამართალდარღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმებმა, ჯამში, 627 000 ლარი შეადგინა: კალაძე

18 იანვარი, 2018 • 1364
სამშენებლო სამართალდარღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმებმა, ჯამში, 627 000 ლარი შეადგინა: კალაძე

თბილისისი ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის 20 ნოემბერიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით, სამშენებლო სამართალდარღვევებზე დაკისრებული საჯარიმო თანხის მთლიანმა ოდენობამ 627 000 ლარი შეადგინა. 

ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული სტატისტიკა თბილისის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს  წარადგინა. მონაცემების მიხედვით, უსაფრთოხების ნორმებისა და სამშენებლო პროექტის დარღვევებზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 126 ობიექტის მიმართ დაიწყო.  გარდა ამისა, დარღვევებით მიმდინარე სამუშაოების გამო შეჩერდა 54 ობიექტი, ხოლო სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით  200-ზე მეტი სამშენებლო ობიექტი გააფრთხილეს. 

კახა კალაძემ სტატისტიკურ მონაცემებს შემაშფოთებელი უწოდა  და განაცხადა, რომ რეაგირების გარეშე სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი არ დარჩება.

„შემაშფოთებელია ის ფაქტები, რასაც ჩვენი ზედამხედველობის სამსახური  ყოველდღიურად აწყდება. ციფრები, რომლებიც მე წარმოვადგინე, საგანგაშოა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში უნდა დავუხაროთ თავი ამ გამოწვევებს, პირიქით, უნდა მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, რომლებიც კონკრეტულ მშენებლობებზე მუშაობენ, მათ უსაფრთხოებაზე და ასევე, არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ მიწები დაიტაცონ და უკანონო  მშენებლობები წამოიწყონ. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბატონ გიორგი ბაგრატიონს, რომ რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ სამშენებლო სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.


მასალების გადაბეჭდვის წესი