ახალი ამბები

მამუკა ღლონტი: არ უნდა დაავიწყდეს “იმედს”, რომ “სათბურის ზვიგენია”

17 აგვისტო, 2013 • 2123
მამუკა ღლონტი: არ უნდა დაავიწყდეს “იმედს”, რომ “სათბურის ზვიგენია”

ბატონო მამუკა,  თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ მაესტროს საზოგადოებრივი -პოლიტიკური განყოფილება პარალიზებულია. სულ რამდენმა ადამიანმა დატოვა “მაესტრო” და გადავიდა ტელეკომპანია “იმედში”, და  რა მიზეზები დაგისახელეს?

 

დატოვა ქალბატონმა თეა სიჭინავამ. რაოდენობას არა აქვს დიდი მნიშვნელობა იმიტომ, რომ შეფარდებით თუ ვიგულისხმებთ, ამჯერად რჩება მხოლოდ ერთი პროდიუსერი, და ერთი საღამოს წამყვანი მაგ განყოფილებაში, ანუ, ნინო ჟიჟილაშვილი და მისი პროდიუსერი. თუ ეგენიც დატოვებენ, საღამოს წამყვანის გარეშე ვრჩებით.

 

სიჭინავას გარდა, სხვა წამყვანებმაც დატოვეს ტელევიზია?

 

არა, დიანა ტრაპაიძე და თეონა გეგელია არ ტოვებენ არხს. არხი დატოვეს თეა სიჭინავამ, მისმა პროდიუსერმა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური არხის მთავარი პროდიუსერმა, საინფორმაციო განყოფილების მთავარმა რეჟისორმა. მოლაპარაკება მიდის ნინო ჟიჟილაშვილთან და მის პროდიუსერთან.

 

თქვენ დაუკავშირეთ ეს ერთგვარ ზეწოლას. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რას გულისხმობთ ამაში, რადგან ზოგადად ცნობილია, რომ ჟურნალისტები არხიდან არხზე ინაცვლებენ ხოლმე, რატომ უკავშირებთ ამას ზეწოლას?

 

საქმე იმაშია, რომ ტელეკომპანია “იმედმა” დაიწყო მაესტროდან  კადრების წაყვანა, სრულად დაგვიცარიელეს. საერთოდ ჩვენ პროდიუსერი არ გვრჩება თოქ- შოუების. ეს არის სისტემური შეტევა. თუ ნინო ჟიჟილაშვილიც დატოვებს “მაესტროს”, წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ორი ყველაზე მთავარი წამყვანი და ძალა დავკარგეთ “მაესტროსი”. დაგვრჩება თეონა გეგელია და დიანა ტრაპაიძე, რომლებსაც  მიჰყავთ 6- საათიანი გადაცემა.

 

თქვენ თეა სიჭინავას პირადად ესაუბრეთ? რა გითხრათ, რატომ ტოვებს არხს?

 

მე თეაზე ნაწყენი არ ვარ, მას უკეთესი პირობები შესთავაზეს, ვიდრე მაესტროში ჰქონდა.

 

ამაში ანაზღაურება იგულისხმება მხოლოდ?

 

ალბათ უფრო დიდი სტაფი, რა ვიცი.

 

რამდენი ხნით ჰქონდათ მათ “მაესტროსთან” გაფორმებული ხელშეკრულება? ანუ, ხელშეკრულების პირობებს არღვევენ?

 

იცით, მე მანდ ჩახედული არ ვარ. ალბათ არღვევენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ასეთ ცაიტნოტში ჩავარდით. ჩვენთვის, ყველასთვის, მოულოდნელი იყო ის, რაც მოხდა.

 

ამ შემთხვევაში იმედის ინტერესი რა არის, თქვენი აზრით? პოლიტიკას უკავშირებთ?

 

პირველ რიგში ის, რომ მათ აქვთ ის 16 მილიონი, რომელიც ხელისუფლებამ აჩუქა. მაესტრო არ ეპიტნავება ხელისუფლების გარკვეულ ნაწილს.

 

ფინანსური ამნისტია ხომ რუსთავი 2 -საც შეეხო.

 

დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, ოღონდ არ ვამბობ დაზუსტებით, რომ მაესტროს დასუსტება აწყობდეს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მიმართულებას.

 

რომელსაც გავლენა აქვს “იმედზე”?

 

დიახ. ოღონდ ეს ჩემი ვარაუდია.

 

მაგრამ უშვებთ, ბატონო მამუკა, იმას, რომ, უბრალოდ, ბაზარმა აღმოგაჩინათ ასეთ ვითარებაში?

 

კი, რა თქმა უნდა, ვუშვებ. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს შესაბამისი კანონი , თორემ ეგრე არ ხდება, რომ მე ფული მაქვს და ყველაფერს ვყდულობ. ეს არც მორალურ კრიტერიუმებში არ ჯდება. არა მგონია, ეს სამართლიანი იყოს, რომ შევედი ტელევიზიაში, მოვკიდე ხელი და ყველაფერი ვიყიდე.  არა მგონია, ეს სამართლიანი იყოს, თუ, მით უმეტეს, გავითავლისწინებთ იმასაც, რომ მაესტროს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ “იმედი” დაუბრუნდა ძველ მეპატრონეებს.

 

რა წვლილზე საუბრობთ?

 

ის წვლილი მიუძღვის, რომ მაშინ, როდესაც “იმედი დაიხურა” და ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილს, “მაესტრო” იბრძოდა სამართლიანობისთვის. სხვა რა წვლილი უნდა მიუძღვოდეს. ჩვენი ჟურნალისტები მუდმივ პრესის ქვეშ იმყოფებოდნენ. უბედურებები ხდებოდა ჩვენს თავს, ცემა- ტყებით დაწყებული, აპარატურის დამტვრევით დამთავრებული. და მას შემდეგ, რაც მათ დაიბრუნეს “იმედი”,  გადაწყვიტეს “მაესტროს” განადგურება. ეს, რაც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, არის სისტემური შეტევა “მაესტროზე”.

 

ვის მიერ ბატონო მამუკა?

 

იმ ტელეკომპანია “იმედის” მიერ, რომელსაც ძველმა ხელისუფლებამ აპატია და აჩუქა 16 მილიონი. ეს არის თქვენი და “ჩვენი ფული, რომელიც გაუგებარია, რა დამსახურებების გამო ჩაუდო ხელისუფლებამ “იმედს”. იქნებ ეს მაინც გაგვაგებინონ? იმის გამო, რომ სატელევიზიო ბორდერს გავდა ეს ტელევიზია და ტყუილს და სიცრუეს და უბედურებას ემსახურებოდა? ამის გამო ეპატიათ? ეს მაინც აგვიხსნან. მათ რომ ეს 16 მილიონი არ ქონდეთ, სიჭინავას კი არა ვიდეოკასეტებს ვერ იყიდნენ.

 

ბატონო მამუკა “მაესტროს” ფინანსური მდგომარეობა როგორია?

 

მაესტროს აქვს ძალიან წარმატებული ფინანსური რეორგანიზაცია, რომელიც დამთვარდება სექტემბრ-ოქტომბერში, რის შემდეგაც  “მაესტრო” ძალიან სტაბილურად დადგება ფეხზე. თუმცა არც ახლა გვაქვს ცუდი მდგომარეობა.

 

ანუ სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა?

 

რამოდენიმეათასჯერ გაიზარდა ჩვენი ჩემოსავლები.

 

მაგრამ ტელევიზია გახადა მდგრადი ამან?

 

რა თქმა უნდა.

 

ანუ შეგიძლიათ თქვათ, რომ ამჟამად მხოლოდ სარეკლამო შემოსავლებით არსებობს ტელევიზია?

 

ეჭვი გეპარებათ?

 

 კითხვას გისვამთ, შეიძლება მფლობელები ახდენდნენ ინვესტირებას?

 

რა თქმა უნდა, მფლობელებიც ახდენენ მცირეოდენ ინვესტირებას, თუმცა მთავარი ჩვენი შემოსავლების არის სარეკლამო და გარდა ამისა ჩვენ ავიღეთ კრედიტი, საკმაოდ დიდი კრედიტი, რომელსაც ვფარავთ.

 

კიდევ ერთი კითქვა, თეა სიჭინავას და ნინო ჟიჟილაშვილს აქვთ 3 %-იანი წილი მაესტროში, რჩებათ ეს წილი არხის დატოვების შემთხვევაში?

 

ეს საპარტნიორო წილია, რომელიც მუშაობს მანამდე, სანამ მუშაობენ მაესტროში.

 

კიდევ ხომ არ გსურთ რაიმეს თქმა საზოგადოებისთვის?

ეს თამაშები, რაც დაიწყო “იმედმა”, ყველა ქვეყანაში და ყველა დროში მთავრდება ცუდად.  კარგია, როცა ბაზრის ზვიგენი ხარ, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს “იმედს”, რომ ის “სათბურის ზვიგენია”. სასათბურე მდგომარეობაში იყო სააკაშვილის დროს, სასათბურე მდგომარეობაშია ახლაც, მაგრამ სათბურში ცხოვრება მთავრდება იმით, რომ მძიმე პირობებს სათბურში გაზრდილი მცენარეები ვერ უძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი