ახალი ამბები

ხარაგაულში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით რკინიგზელებმა მუშაობა შეაჩერეს – პროფკავშირი

16 იანვარი, 2018 • 1785
ხარაგაულში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით რკინიგზელებმა მუშაობა შეაჩერეს – პროფკავშირი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სარკინიგზო ხაზისა და გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა სამოცმა მუშამ შრომითი უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით მუშაობა შეაჩერა.

პროფკავშირის თანამშრომელმა, პაატა ნინუამ ნეტგაზეთს განუმარტა, რომ  დასაქმებულები მუშაობას გააგრძელებენ, როდესაც მათ მოთხოვნები შესრულდება.

“შრომა არ არის უსაფრთხო და ამ ადამიანებს სრული უფლება აქვთ, სამუშაოს შესრულებაზე თქვან უარი, ვინაიდან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, და ასევე დაემატა ორი მოთხოვნა, ეს არის ბიულეტენისა და შვებულების ანაზღაურება,”- გვეუბნება პაატა ნინუა.

პროფკავშირის ცნობით, “დასაქმებულები კომპნიაში (,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო”) შრომითი პირობების უხეშ დარღვევას და სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოს უჩივიან”. ამავე ინფორმაციის თანახმად, ხვალ, 17:00 საათზე დაიგეგმა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის შეხვედრა კომპანიის ადმინსტრაციასთან.

“არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პროფკავშირსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის, წლების განმავლობაში შედგა არაერთი მოპალარაკება და გაფორმებულია ყველა დონის ორმხრივი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ,,ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიუროს“ წარმომადგენლობას საქართველოში აღებული აქვს რიგი ვალდებულებები, თუმცა 2017 წლის ოქტომბრის თვეში განხორციელებული ინსპექტირებისა და მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ აღებული ვალდებულებები არ სრულდება, შრომის კოდექსი უხეშად ირღვევა. კომპანიამ დამატებითი რეკომენდაციებიც მიიღო. თუმცა არსებული რთული მდგომარეობა ამ დრომდე არ შეცვლილა, რამაც დასაქმებულთა პროტესტი გამოიწვია”, – აცხადებენ პროფკავშირებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი