საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იქ, სადაც საქმე პოლიციელის უსაფრთხოებასა და ღირსებას ეხება, უკომპრომისოები იქნებიან.
“იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ამას აქვს მარტივი ახსნა. იქ, იმ საზოგადოებაში, სადაც პოლიციელი არ არის დაცული, საზოგადოების უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერ მოგცემთ ვერავინ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა მინისტრმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას.
საქმე ეხება 13 იანვარს კლუბ “ბასიანზე” პოლიციელისა და დაცვის ორი წევრის დაჭრას. პირი, ვისაც ეს დანაშაული ედება ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას კლუბის თანამშრომლების, დაზარალებულების ოჯახის წევრებისა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.
დაჭრაში ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაო პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
კლუბ “ბასიანის” თანადამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბრალდებული პრივილეგირებული ოჯახის შვილია.