ომბუდსმენმა ზვიად რატიანის საქმეზე სააპელაციოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

2018 წლის 15 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში წერია, რომ  ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით, პირის პასუხისგებაში მიცემა ევროსასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება:

“საქმის მასალების შესწავლისა და სასამართლო მონიტორინგის შედეგად აშკარაა, რომ დაკავებამდე ზ.რ-ს მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, გარდა დამკავებელი პოლიციელების ჩვენებებისა; ხოლო, ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით, პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და იწვევს მტკიცების ტვირთის სახელმწიფოდან მოქალაქეზე გადასვლას, რაც არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

ნიშანდობლივია, რომ კანონი პირდაპირ მოითხოვს სპეციალური საპოლიციო კონტროლის მონაწილე პოლიციელების სამხრე კამერებით აღჭურვას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულებულა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიციელთა მიერ ნეიტრალური მტკიცებულებების არმოპოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებისთვის დამახასიათებელი სისტემური პრობლემაა, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია სწორი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება,”- აცხადებს საალხო დამცველი.

ომბუდსმენი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს მეგობრის ეს მოსაზრება სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება.


ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.

ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს.

შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.

მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი