ახალი ამბები

თბილისის მერიის შენიშვნები გენგეგმაზე მომუშავე კომპანიას

15 იანვარი, 2018 • 1675
თბილისის მერიის შენიშვნები გენგეგმაზე მომუშავე კომპანიას

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის თქმით, თბილისის გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც “სითი ინსტიტუტმა” წარადგინა, არასრულყოფილია. ჟურნალისტებთან საუბრისას ელოშვილმა აღნიშნა, რომ გეგმის სამუშაო ვერსიაში ხარვეზები რამდენიმე მიმართულებით ფიქსირდება, რომელთა გამოსასწორებლად კომპანიას ვადა ბოლოჯერ მიეცა.

“მიგვაჩნია, რომ დოკუმენტი არის დაუსრულებელი. მთელი რიგი მიმართულებებით საჭიროებს საკმაოდ სერიოზულ დამუშავებას, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და ზონირების მიმართულებით; მეტი ახსნა-განმარტება გვჭირდება, თუ რატომ არის ზონირება გაკეთებული. ასევე, გენგეგმის ეფექტიანობა-ხეირიანობასთან დაკავშირებით, რომ ცხადად დავინახოთ, რამდენად შესაძლებელია იმ პროექტების განხორციელება, რასაც გვთავაზობს ეს ჯგუფი”, – აღნიშნა ელოშვილმა.

მისივე თქმით, მერია თანამშრომლობისთვის მზად არის და შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ პროექტის შესწორებულ ვერსიას საფინანსო ინსტიტუტებთან და ექსპერტებთან ერთად შეისწავლის:

“თუკი კონტრაქტი არ შესრულდება, ეს თავისთავად ნიშნავს კონტრაქტის შეწყვეტას. თუმცა ჩვენ მათ მივეცით კიდევ ერთხელ და უკანასკნელად ვადა, რომ თავადვე წარმოედგინათ დროის ის პერიოდი, რომელსაც თვლიან გონივრულად იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები გაითვალისწინონ და შეცვალონ დოკუმენტი. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, შესაბამისად, 45 დღის შემდეგ კიდევ ერთხელ შევისწავლით დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს. პროცესში აუცილებლად ჩაერთვებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები, და ის იქნება ღია და გამჭვირვალე”.

დღეს, 15 იანვარს არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე “სითი ინსტიტუტის” მიერ მომზადებული პროექტის მიმართ არსებული შენიშვნების ჩამონათვალი და მათი მიმოხილვაც გამოქვეყნდა. შენიშვნებს შორისაა:

  • ზონირება – მერიაში ფიქრობენ, რომ დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში დასაბუთებული არ არის, რის საფუძველზე ხდება კონკრეტული ზონების ცვლილება ან არსებული სახით დატოვება; ასევე, უგულებელყოფილია”მწვანე ქალაქის კონცეფციით” გათვალისწინებული პრიორიტეტები: ბაღები, სკვერები და საუბნო მწვანე კორიდორები.
  • ტრანსპორტი – შენიშვნების მიხედვით, პროექტში გაწერილია ალტერნატიული გზები, მაშინ, როცა არ არის გათვალისწინებული”მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია”, რომელიც 2015 წელს მომზადდა და ქალაქის მთავრობამ მოიწონა.
  • გზები – ქალაქის მთავრობის აზრით, დოკუმენტის სამუშაო ვერსია ქუჩათა ახალ იერარქიას აყალიბებს, მაგრამ არ აკონკრეტებს, თუ რა სახის სისტემას იყენებს მისი მომზადებისას.
  • კულტურული მემკვიდრეობა – ამ ნაწილში მერია “სითი ინსტიტუტს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების “მექანიკურად” დაფიქსირებაში ედავება, რომელიც რელიეფური აღქმადობისგან შორს დგას.
  • მერიას რიგი შენიშვნები აქვს ასევე გეგმის ეფექტიანობის შეფასების, განხორციელების თანმიმდევრობისა და ეკონომიკური ნაწილის მიმართულებით; ასევე, ელიავას ბაზრობის რეკრეაციისა და ველობილიკების მოწყობის საკითხშიც.

12 იანვარს “ნეტგაზეთი” “სითი ინსტიტუტის” დირექტორს, მამუკა სალუქვაძე ესაუბრა. სალუქვაძე აცხადებდა, რომ კომპანიამ ქალაქის მთავრობის გზავნილები “ძალიან პოზიტიურად და ბუნებრივად მიიღო” და დოკუმენტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მისი დასაბუთების მნიშვნელობას აცნობიერებს.

  • 12 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტს” დოკუმენტის სრულყოფისთვის საჭირო ვადების წარსადგენად დროს დღის ბოლომდე მისცა.
  • მერიას “სითი ინსტიტუტთან” შენიშვნები ადრეც ჰქონდა. 2017 წლის დეკემბერში მერიამ ორგანიზაცია 145 000 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი მერიის მიერ ორგანიზაციის დოკუმენტში გარკვეული ხარვეზები იყო, რომლებიც ძირითადად ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხებოდა. მაშინ ხარვეზების გამოსასწორებლად “სითი ინსტიტუტს” 10-დღიანი ვადა მიეცა.
  • “სითი ინსტიტუტმა “თბილისის გენერალური გეგმის მოსამზადებლად მუშაობა 2015 წელს დაიწყო. დოკუმენტის შესაქმნელად მერიამ ორგანიზაციას 2 800 000 ლარი გამოუყო. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ დოკუმენტი ქალაქის მთავრობას  2017 წლის  აპრილში უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ამ დრომდე არ არის მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი