თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლიკებები იგეგმება. ისინი თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა.
ცვლილებების მიხედვით, მერიაში არსებული საქალაქო სამსახურების ნაწილი უქმდება, ნაწილს კი რიგი ფუნქციები გამოეყოფა. იგეგმება რამდენიმე ახალი სამსახურის შექმნაც.
ცვლილებების მიხედვით:
- არქიტექტურისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ურბანული განვითარების მიმართულება გამოეყოფა და მხოლოდ სერვისების მიწოდებისა და სამშენებლო ნებართვის გაცემის სეგმენტი დარჩება.
- ცვლილების ფარგლებში იქმნება ახალი, ურბანული განვითარების სამსახური.
- უქმდება ე.წ.ზონალუეი საბჭო და სხვა 19 კომისია/საბჭო.
- მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს.
- ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის სამსახურად გარდაიქმნება.
- ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ემატება რამდენიმე ფუნქცია. მათ შორის: ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა/გატარება და ქალაქთმშენებლობის პროცესში მონაწილეობა.
- ქალაქის ნარჩენებით დაბინძურების მართვას ზედამხედველობის სამსახური შეითავსებს.
- შეიქმნება მუნიციპალიტეტის სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირების სერვისებს გააერთიანებს.
- ახლადშექმნილი საზოგადოებასთან კონუნიკაციების განვითარების სააგენტო მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულის PR სამსახურს გააერთიანებს, რომლებიც ამ დრომდე ცალცალკე ფუნქციონირებდნენ.
- განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური კულტურის სამსახურს შეუერთდება და კულტურის, განათლებისა და სპორტის საქალაქო სამსახურში გაერთიანდება.
- კეთილმოწყობის სამსახურს ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური დაერქმევა.
თბილისის მერი კახა კალაძე ცვლილებებს ბიუროკრატიის შემცირებისა და ქალაქის მართვაში ცვლილებების საჭიროებით ხსნის .
“ჩვენი საარჩევნო პროგრამა შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ზუსტად მართვის პოლიტიკა იყო. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამისა და პროექტების განხორციელება სწრაფი და ეფექტური მართვის გარეშე შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთელ რიგ სამსახურებში კვლავ მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც თებერვლის ბოლოს დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით თბილისი მართლაც გახდება სიცოცხლის სავსე ქალაქი”, – აღნიშნა კალაძემ.
ცვლილებების პროექტი თბილისის საკრებულოს დღესვე გადაეგზავნება და მისი განხილვა კომისიების დონეზე დაიწყება.