ახალი ამბები

ევროკავშირი: მუხთარლის სავარაუდო გატაცება საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს

15 იანვარი, 2018 • 1670
ევროკავშირი: მუხთარლის სავარაუდო გატაცება საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს

ევროკავშირის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცება გამჭვირვალე და საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერის განცხადება 14 იანვარს გამოქვეყნდა.

განცხადებაში საუბარია, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ 6-წლიანი პატიმრობის შეფარდება აღძრავს კითხვებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოხატვისა და მედიის თავისუფლების, სამართლებრვი პროცედურების მიმართ.

“საქართველოდან აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება, რასაც აზერბაიჯანში მისი დაკავება მოჰყვა, გამჭვირვალე და საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავისუფლების აღკვეთის საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებების განხორციელებასთან არის კავშირში, აზერბაიჯანმა სასწრაფოდ უნდა გადახედოს, რასაც ყველა შესაბამისი პირის გათავისუფლება უნდა მოჰყვეს, აზერბაიჯანის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

საქართველოდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებულ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. როგორც თავად ამბობს, იგი ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისიდან 29 მაისის საღამოს გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს საზღვარზე გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი