ახალი ამბები

ჰავაის შტატის მოსახლეობას სარაკეტო თავდასხმის შესახებ მცდარი გაფრთხილება გაეგზავნა

14 იანვარი, 2018 • 2053
ჰავაის შტატის მოსახლეობას სარაკეტო თავდასხმის შესახებ მცდარი გაფრთხილება გაეგზავნა

აშშ-ში,  ჰავაის შტატის მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე,  შეტყობინების სახით, სარაკეტო თავდასხმის შესახებ მცდარი გაფრთხილება გაეგზავნა. ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, მოსახლეობისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ეწერა:  “ სარაკეტო თავდასხმის საფრთხე ჰავაის საზღვრებს შორის. უმალვე მოძებნეთ თავშესაფარი. ეს არ არის სასწავლო განგაში. “  მცდარი შეტყობინება რამდენიმე რადიოსადგურმა და ტელევიზიამ გადასცა. თვითმხილველების თქმით, შეტყობინებამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

რაც შეეხება უკურეაქციას, იმის შესახებ, რომ განგაში მცდარი იყო, მოსახლეობას იმეილის მეშვეობით 18 წუთის შემდეგ, ხოლო სატელეფონო შეტყობინებით – 38 წუთის შემდეგ ამცნეს.

BBC-ის ინფორმაციით, ჰავაის გუბერნატორმა დევიდ იგემ განმარტა, რომ შეტყობინების გაგზავნა შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მორიგეობის ცვლის დროს მოხდა.

“მსგავსი შეცდომები ხდება მაშინ, როდესაც სააგენტოში მორიგეები ერთმანეთს ცვლიან. ამ დროს, როგორც წესი, მოწმდება მთლიანი სისტემა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასწორ ღილაკს დააჭირა ხელი” – განაცხადა დევიდ იგემ.

ჰავაის საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების ფუნქცია მას შემდეგ შემოიღეს, რაც ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საშიშროება გაჩნდა.

აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანომ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი