ახალი ამბები

საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

14 იანვარი, 2018 • 1434
საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად   სახელმწიფო დროშა პრეზიდენტის სასახლეზე  ეროვნული გმირების შვილებთან ერთად აღმართა. 

სახელმწიფო დროშის ეტალონი  მარგველაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირების – გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა. ცერემონიაზე სახლემწიფო ჰიმნი ანსამბლმა “შავნაბდამ” შეასრულა.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.

აბაშიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა,  ამ დღის აღსანიშნავად სახლებზე გამოკიდონ დროშები. 

“ასევე, მე მინდა ვთხოვო და მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებს, რომ შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდნეტის ინიციატივას და სახელმწიფო უწყებებზე, ყველა შესაძლო ადგილზე  სიმბოლურად აღმართონ დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშა”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საღამოს საზეიმო მიღებას გამართავს.

სახელმწიფო დროშას აღმართავენ სხვადასხვა რეგიონშიც – გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში,  დროშას 12:30 საათზე იუნკერები აღმართავენ, რის შემდეგადაც მათ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს.

საქართელოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს 2012 წლიდან პრეზიდენტის ინიციატივით აღინიშნება.

2004 წლის 14 იანვარს საქართველომ მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი