ახალი ამბები

ტრამპის შესაძლო შეურაცხყოფა სახელმწიფოთა ნაწილის მიმართ და შეფასებები

13 იანვარი, 2018 •
ტრამპის შესაძლო შეურაცხყოფა სახელმწიფოთა ნაწილის მიმართ და შეფასებები

“რატომ უნდა მივიღოთ ხალხი ამ ნაგავი ქვეყნებიდან?”, – ციტატა, რომელიც რიგი წყაროებისა და ამერიკული გამოცემების ნაწილის მტკიცებით, დონალდ ტრამპს ეკუთვნის, საერთაშორისო მედიაში ამ დრომდე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტრამპის გამონათქვამების გარშემო აშშ-ში თუ მის გარეთ მწვავე კამათია, თუმცა თავად პრეზიდენტმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

ცნობა იმის შესახებ, რომ 11 იანვარს პრეზიდენტმა სახელმწიფოთა ნაწილი უცენზუროდ მოიხსენია, თავდაპირველად “Washington Post”-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ჰაიტიდან, ელ სალვადორიდან და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით კონგრესმენებთან შეხვედრაზე ტრამპმა დასვა კითხვა, თუ რატომ უნდა მიიღოს აშშ-მა ადამიანები ამ “ნაგავი ქვეყნებიდან”; მან ასევე აღნიშნა, რომ უმჯობესია, ქვეყანამ ხალხი ისეთი სახელმწიფოდან მიიღოს, როგორიც, მაგალითად, ნორვეგიაა, და დაამატა: “რაში გვჭირდება მეტი ჰაიტელი? გაუშვით ისინი”.

ცნობა, რომელიც “Washington Post”-მა მკითხველს შეხვედრაზე მყოფ კონგრესმენთა ნაწილზე დაყრდნობით აუწყა, ამერიკულ მედიაში სწრაფად გავრცელდა. პრეზიდენტმა უცენზურო ტერმინების გამოყენება “ტვიტერის” გვერდზე უარყო და თქვა, რომ ეს “დემოკრატების მოგონილია”.

“არაფერი მითქვამს ჰაიტელებზე უხეშად, გარდა იმისა, რომ ჰაიტი ძალიან ღარიბი და გასაჭირში მყოფი ქვეყანაა. არ მითქვამს, რომ ისინი უნდა წავიდნენ. ეს დემოკრატების მოგონილია. ჰაიტელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. სავარაუდოდ, მომდევნო შეხვედრებს ჩავიწერ – სამწუხაროდ, უნდობლობის გამო”, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე ტრამპისადმი გამოთქმულ ბრალდებებს რესპუბლიკელი სენატორები გამოეხმაურნენ, რომლებიც შეხვედრაზე იმყოფებოდნენ; ერთობლივ განცხადებაში ტომ კოტონმა და დევიდ პერდიუმ აღნიშნეს, რომ არ ახსოვთ, გამოიყენა თუ არა ტრამპმა ტერმინი “ნაგავი ქვეყნები”:

“არ გვახსოვს, გამოიყენა თუ არა ტრამპმა მაინცდამაინც ეს ტერმინი, თუმცა ის, რაზეც მან ისაუბრა, იყო დაუბალანსებელი საიმიგრაციო სისტემა, რომელიც არ იცავს ამერიკის მშრომელებისა და ნაციონალურ ინტერესებს”.

ამ ფონზე, “TIME”-ის ცნობით, მედიის მიერ გავრცელებული ციტატის სიზუსტე დაადასტურა დიკ დურბინმა – ერთადერთმა დემოკრატმა სენატორმა, რომელიც პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდა.

“მან გაახმიანა სიძულვილის შემცველი გამონათქვამები და თანაც, არაერთხელ”, – თქვა დურბინმა.

კრიტიკა ტრამპმა საკუთარ პარტიაშიც დაიმსახურა. იუტას შტატის კონგრესმენმა მია ლავმა, რომელიც წარმოშობით ჰაიტიდანაა, აღნიშნა, რომ ტრამპმა თავისი განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოუხადოს როგორც ამერიკელებს, ისე ყველა იმ ერს, რომელიც შეურაცხყო. თუმცა ტრამპი დაიცვა მემარჯვენე რესპუბლიკელმა სენატორმა სტივ კინგმა და ტრამპს “ტვიტერით” მოუწოდა, არ დანებდეს.

მწვავე შეფასებები ტრამპის მისამართით ამერიკის გარეთაც გახმიანდა. გაეროს სპიკერმა რუპერ ქოლვილმა გამონათქვამებს “სამარცხვინო და შოკისმომგვრელი” უწოდა:

“ვერ ვპოულობ სხვა სიტყვას, გარდა “რასისტისა”. არ შეიძლება, მთელი ქვეყნები და კონტინენტები “ნაგვად” მოიხსენიო იმის გამო, რომ მათი მოსახლეობა თეთრი არ არის და ამიტომ არც მისასალმებლები არიან”.

ტრამპი შესაძლო შეურაცხყოფის ადრესატის,  ჰაიტის მთავრობამაც გააკრიტიკა, რომელმაც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი გამონათქვამების გამო შოკშია. პრეზიდენტის გამონათქვამების გამო გაკვირვება ვერც აფრიკის კავშირში დამალეს.

“ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან ერთი კაცის განცხადებებს სცდება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის უმაღლესი ფიგურაა ქვეყანაში”, – განაცხადა კავშირის სპიკერმა.

დონალდ ტრამპის გამონათქვამები დისკუსიის საგანი აქამდეც არაერთხელ გამხდარა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კომენტარი  2015 წელს, თავისი კანდიდატურის წარდგენის დროს მექსიკელებთან დაკავშირებით გააკეთა. მაშინ ტრამპმა აღნიშნა, რომ ხალხს, რომელთაც მექსიკა აშშ-ში აგზავნის, “მოაქვთ ნარკოტიკი, მოაქვთ დანაშაული, ისინი გამაუპატიურებლები არიან; ზოგიერთი კი კარგი ადამიანია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი